სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
“29 იანვარს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია კლინიკა „ვივამედში“ ერთ-ერთი პატიმრის მძიმე დაზიანებებით მოთავსების შესახებ. შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით, კლინიკაში იმყოფებოდა. საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე, იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული 23 იანვარს კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, უშუალოდ „ვივამედში“ მოთავსებულ პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სახალხო დამცველი იმედს იტოვებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება. აპარატი გააგრძელებს მისი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას”,_ აცხადებს სახალხო დამცველი.