ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) ახალი წევრები, მათ შორის საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, ვლადიმერ მკერვალიშვილი აარჩია.
2018 წლის 24 მაისს, ევროპის საბჭოში გაიმართა ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის (სტამბოლის კონვენცია) შესახებ მხარეთა კომიტეტის მე-5 შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) 5 წევრის არჩევნები.
ექსპერტთა ჯგუფში ასარჩევი კანდიდატურები წარმოდგენილი ჰყავდა 8 ქვეყანას: გერმანია, კვიპროსი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საქართველო და შვედეთი. არჩევნების შედეგად შეირჩა კანდიდატები 5 ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, შვედეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები.
GREVIO შედგება 15 წევრისაგან, რომლებიც 4 წლის ვადით აირჩევიან. ვლადიმერ მკერვალიშვილი ექსპერტთა ჯგუფთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან შეუდგება.