საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალზე — www.ekalata.gov.ge, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, პირველადი მოხმარების 10 არასასურსათო დასახელების საქონლის ფასებიც გამოქვეყნდა.
ახალი კატეგორია პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტებს მოიცავს, მათ შორის: კბილის პასტას, საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხესა და სუფრის ხელსახოცებს.
პორტალის მონაცემებით, 3 აგვისტოს მდგომარეობით, 10 არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარს შეადგენს, ხოლო 13 დასახელების სასურსათო პროდუქტის მინიმალური ჯამური ფასი 37.65 ლარია.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ივნისის ბოლოს ამოქმედებულ ვებგვერდზე ამ დროისთვის 13 სავაჭრო ქსელის შეთავაზებებია განთავსებული, სადაც მონაცემები რეგულარულად ახლდება.





































































