სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია, თავისი მომზადების წესები აქვს. როცა ამა თუ იმ სახის სალათს ვამზადებთ, ძირითადად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები: თუ სალათისთვის ბრინჯს ვიყენებთ და ასეთი მრავალი სახეობის სალათია, ბრინჯი აუცილებლად უნდა იყოს ფანტია.
სალათში შემავალი პროდუქტები, რომლებსაც სჭირდება მოხარშვა, აუცილებლად მარილწყალში უნდა მოვხარშოთ და როცა გაგრილდება, ორი-სამი საათით შევდგათ მაცივარში. სალათისთვის განკუთვნილი სოუსი ცალკე უნდა მოვამზადოთ და შემდეგ ავურიოთ არაჟანში, თუ ეს უკანასკნელიც სჭირდება სალათს და შემდეგ მოვასხათ.
სოუსში ყოველთვის კარგია ლიმონის წვენის შერევა. სალათის კომპონენტები შეიძლება სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე დავჭრათ. სოუსი კი მიტანის წინ შევურიოთ.
გთავაზობთ სხვადასხვა სალათის მომზადების წესს, რომელიც ძალიან გამოგადგებათ ზაფხულის ცხელ დღეებში.
ტკბილი წიწაკის სალათი მდოგვით და არაჟნით
ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ გული და დავჭრათ წვრილ ზოლებად. შევურიოთ თანაბარი რაოდენობის მოწალული და დაჭრილი ბროკოლი, წვრილად დაჭრილი კიტრი, რგოლებად დაჭრილი პომიდორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ან თავი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, კამა მარილი გემოვნებით, დავუმატოთ მდოგვი, შემდეგ არაჟანი და ავურიოთ.
კარტოფილის სალათი ნიახურის ძირებითა და ფოთლებით
ერთი კილოგრამი კარტოფილი მოვხარშოთ სამ ფოთოლ დაფნასთან ერთად. გავფცქვნათ. გაგრილდეს და დავჭრათ რგოლებად. დავუმატოთ აუცილებლად ძირიან-ფოთლიანად დაკეპილი ხუთი საშუალო ძირი ნიახური, ექვსი ცალი მაგრად მოხარშული, დაჭრილი კვერცხი, ყველაფერი კარგად აურიოთ ერთმანეთში და ბოლოს მოვასხათ საგანგებოდ მომზადებული სოუსით: სამ სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს შევურიოთ ორი ჩაის კოვზი მდოგვი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი მარილი, ორი ცალი ლიმონის წვენი. ზემოდან მოვრთოთ მხოლოდ ნიახურის ფოთლებით.
ქაშაყის კონსერვის სალათი
ორი ქილა დაკონსერვებული ქაშაყი დავჭრათ წვრილად. დავუმატოთ ნახევარი კგ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, ნახევარი კგ წვრილად დაჭრილი მოხარშული წითელი ჭარხალი, ორი ცალი მჟავე ვაშლი, ორი ცალი მჟავე კიტრი, სამი ცალი მოხარშული კვერცხი და ერთი თავი ალყად დაჭრილი ხახვი.
ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ ოთხი სუფრის კოვზი ძმარი, ერთი ჩაის კოვზი მდოგვი, ორი სუფრის კოვზი არაჟანი, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით. მოვასხათ და კარგად ავურიოთ მომზადებულ მასალას. ზემოდან მოვრთოთ კვერცხის ცილის და ლიმონის ნაჭრებით.
სალათი “პარიზული სადესერტო”
150 გრამი ჰოლანდიური ან შვეიცარული ყველი დავჭრათ წვრილად. ასევე, წვრილად დავჭრათ სამი ცალი მოზრდილი ვაშლი, დავუმატოთ ერთი ჭიქა წვრილად დაჭრილი ნუში ან ნიგოზი და შევაზავოთ მაიონეზით, რომელშიც წინასწარ იქნება შერეული ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.