ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია” საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად აქციას სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის გატაცების ადგილზე გამართავს და ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვს.
როგორც მოძრაობის დამფუძნებელმა და ლიდერმა დავით ქაცარავამ “მთავარს” უთხრა, აქციაში მონაწილეობის მსურველები ამ წუთებში უკვე იწყებენ შეკრებას თბილისში, პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე, ველოსიპედის მონუმენტთან, საიდანაც კოლონა კასპის მუნიციპალიტეტის მიმართულებით 11 საათზე დაიძრება.
დავით ქაცარავას თქმით, აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსდა და მასში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გამოთქვა. სხვილოს ციხესთან, აქციის ლოკაციის ადგილზე, უკვე იკრიბებიან სამართალდამცველებიც. აქციის ლოკაცია შსს-სთან შეთანხმებულია.
შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
აქვე გეტყვით, რომ ზაზა გახელაძესთან ერთად, ამ დრომდე უკანონო ტყვეობაში რჩებიან ცხინვალში გენადი ბესტაევი, ლაშა ხეთერელი და რამაზ ბეღელური, ხოლო სოხუმში ირაკლი ბებუა. დღევანდელ აქციაზე მათაც მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
წყარო: მთავარიტვ