ხორავაზე დაღუპული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდა.
თუმცა, ვიდრე გენერალურ პროკურატურაში შეხვედრის შესახებ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას სარალიძესა და მის თანმხლებ პირებს პროკურატურის ეზო სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რის შემდეგაც მან თვითდაზიანება მიიყენა. გენერალურმა პროკურატურამ კი ზაზა სარალიძის პროკურატურის ტერიტორიაზე შესვლა „თვითნებურად შეჭრად“ შეაფასა და „აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელი“ უწოდა.
შეხვედრის შემდეგ სარალიძე აცხადებს, რომ პროკურორები გენერალურ პროკურორს მის საქმესთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
„გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შევხვდი. ვისაუბრეთ იმ პრეტენზიებზე, რა პრეტენზიებიც გამაჩნია არა მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. დამრჩა შთაბეჭდილება და თადუმაძესაც ვუთხარი, რომ პროკურორები, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს წარმართავენ არ აწვდიან სწორ ინფორმაციას. სააპელაციო სასამართლოში რაც მოხდა გუშინ წინ ამ საკითხთან დაკავშირებით დავუსვი კითხვა, მაგრამ სულ სხვა ინფორმაცია აქვს პროკურორის მიწოდებული. ეს ხდება ზუსტად იმ პროკურორებიდან, რომლებიც თავიდანვე იყვნენ საქმის გაყალბებაში ჩართული“,_აცხადებს სარალიძე.
მისივე თქმით, მორიგი შეხვედრა სამშაბათს გაიმართება და მას პროკურორებოც დაესწრებიან.