უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას უკიდურესად გაუჭირდება გადარჩენა ამერიკის დახმარების გარეშე.
„ძალიან, ძალიან, ძალიან რთული იქნება. ჩვენ გვექნება ძალიან მცირე შანსი, რომ გადავრჩეთ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა NBC News-ის გადაცემაში “Meet the Press”.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას „არც კი სურს იფიქროს“ იმაზე, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები აღარ იქნებიან და როგორ მოუწევთ მათ რუსეთთან ბრძოლა ამერიკის მხარდაჭერის გარეშე.
„თუ აშშ-ის სამხედრო დახმარება შეწყდება, უკრაინა დარჩება დაუცველი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი თავდასხმის პირისპირ“.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლება არ ცდილობს ომის დასრულებას, არამედ მხოლოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტას სურს, რათა გადააჯგუფოს თავისი ძალები და მიაღწიოს საერთაშორისო სანქციების გაუქმებას.