ზუგდიდში შალვა ესართია, აქციების მედროშე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ზუგდიდელმა აქტივისტმა და „დროას“ წევრმა, მარიამ სიჭინავამ გაავრცელელა.
“ვესაუბრე შალვა ესართიას იურისტს, რომელმაც დმი-ში შეაკიათხა. თქვა რომ მხნედ არის და ჩვენთან დააბარა, თქვენც გამხნევდითო.
შალვა დააკავეს იმისთვის, რომ პოლიციის შენობაში, სადაც დაიბარეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად, შევიდა ტელეფონით. პოლიცია სთხოვდა ტელეფონის ჩაბარებას, რაზეც შაკომ უარი განაცხადა.
ახლა საქმე არის ორი მუხლით, 173 პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და 174 აქციაზე სახის დამფარავი საშუალებით მისვლა.
ცეცხლი ოლიგაქრიას!”_ წერს მარიამ სიჭინავა.
“ბათუმელების” ინფორმაციით, შალვა ესართიას მეუღლის, მარიკა ნადარაიას თქმით, შალვა ესართია გადაყვანილია ფოთის იზოლატორში.
„თვითონ ძალიან მხნედ გრძნობს თავს. ადვოკატი შესული იყო, ესაუბრა, თქვა, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“ – ამბობს მარიკა ნადარაია.
შალვა ესართია საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მეორე მედროშეა, რომელიც დააკავეს. აქამდე პოლიციამ ბათუმში დააკავა თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], რომელიც ციხეში შიმშილობს.
ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები.
აქტივისტების დაკავების, თავდასხმის, პოლიციის და სპეცრაზმის მიერ აქციების დარბევის მიუხედავად პროტესტი არ წყდება. პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაა: ხელახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება.