“ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო დიპლომატიური კორპუსისთვის ვიდეოების ჩვენება იმისთვის, რომ მათ ნამდვილად გაიგონ და დარწმუნდნენ იმაში თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა.
მე მაქვს ეს ვიდეოები ნანახი და გირჩევთ, არ ნახოთ. ეს არის ნამდვილი საშინელება. არ ვიცი, ადამიანმა რატომ უნდა იკადრო ასეთი რამ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო. მაგრამ, ეს ხდებოდა მასობრივად, იმისთვის, რომ ხალხი დაეშინებინათ. მორალურად გაენადგურებინათ და ამით მიეღოთ ის, რაც მათ სჭირდებოდათ.
ყველა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს. დაწყებული უბრალო შემსრულებლიდან დამთავრებული იდეოლოგების ჩათვლით. მე ვგულისხმობ სააკაშვილს და იმ პირებს, ვინც ამ სისტემის იდეოლოგები იყვნენ. არ გამოვრიცხავ, რომ დადგეს სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი. თქვენ თუ გახსოვთ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ემიჯნებოდა, როდესაც იყო საუბარი ამა თუ იმ დანაშაულზე. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ერთი გუნდი არიან და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობაც უნდა გადაინაწილონ.
_ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების პერიოდში შსს კონსტიტუციური დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას არ იცნობდა. იდენტური განცხადება გააკეთა დათა ახალაიაზეც…
_ მე ვფიქრობ, სააკაშვილი არანორმალურია. არაადექვატურია მისი განცხადებები. უბრალოდ სასაცილოა, მინისტრს და მის მოადგილეებს პრეზიდენტი არ იცნობდეს, არასერიოზული მეჩვენება.
_ დაისჯებიან თუ არა ის პირები, რომელებიც სამეგრელოში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს, მაშინ როცა მთავარი პროკურორი ექსკლუზიურ უფლებას იყენებს და ლადო ბედუკაძეს ბრალდებისგან ათავისუფლებს?
_ ყველა ადამიანი, ვინც დამნაშავეა დაისჯება. რაც შეეხება ლადო ბედუკაძეს, თუ მის საქმეში არის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისი ორგანოები ამით დაინტერესდება და დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას იღებდა წამებაში. შექმნილი იყო მთლიანი სისტემა. რამდენიმე ადამიანი ამას ვერ დაგეგმავდა და ვერ გაბედავდა. თქვენ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 9 წლის მანძილზე. ადამიანი ისეთი დაშინებული იყო, ოჯახში მეუღლეს ვერ ესაუბრებოდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელი იყო დაბალ დონეზე გადაეწყვიტათ ასეთი რაღაცები? ეს იყო სისტემა, რომელიც იყო დაფუძნებული შიშზე, ადამიანის ტერორზე და დათრგუნვაზე. რომელიც სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა შექმნა. დღეს გამოდიან და მორალზე გვესაუბრებიან. უბრალოდ, სირცხვილია. ყველა დაისჯება!