მანანა კობახიძის განცხადებით კი, საქმე ეხება ბიუჯეტის გახარჯვას, რაც აუცილებლად უნდა გამოიძიონ და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
რაც შეეხება დაკავების პროცესში არსებულ დარღვევებს, ამასთან დაკავშირებით, კობახიძის განცხადებით, ყველა დაკავებულს აქვს უფლება საკუთარი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით დაიცვას.
“რომელი პარტიის კუთვნილებაშია ეს პიროვნება, მეორეხარისხოვანია. მე არ მგონია, რომ აქ რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველი არსებობდეს. პირველ რიგში, საუბარია ბიუჯეტის ფლანგვაზე, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული. თუ პრეტენზიებია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, ყველა მათგანს ჰყავს ადვოკატი, არსებობს სახალხო დამცველი, არსებობს სასამართლო. თუ რომელიმე პირის მიმართ დაირღვევა საპროცესო კოდექსი, რა თქმა უნდა, ადეკვატური ზომები უნდა განახორციელოს სასამართლომ. იმიტომ, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან, არც უნდა დაიკითხონ, არც უნდა დაიბარონ, არც საქმე აღვძრათ და არც გამოვიძიოთ და ყველას ყველაფერო ვაპატიოთ?! ეს რეჟიმი აღარ იქნება. ისინი ცხრა წლის განმავლობაში ერთმანეთს ყველაფერს პატიობდნენ. დამთავრდა ამის დრო. ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული,” _ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
ზვიად ძიძიგური სამართალდამცველი ორგანოების ქმედებებს არასერიოზულს უწოდებს თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ დაკავებულებს აქვთ უფლება პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართონ, განსაკუთრებით ამ პირობებში, როცა სასამართლო სრულიად თავისუფალია ხელისუფლების დაკვეთებისგან
“პრეზიდენტის ვეტო და ნაციონალების ბოიკოტი საქართველოს პარლამენტში გახდა ქრონიკული მოვლენა. ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას ამას ვერ მივანიჭებ. რაც შეეხება მათ განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არალოგიკურია, რომ ბოიკოტი გამოაცხადო. პარლამენტი არამარტო საკანონმდებლო, არამედ პოლიტიკური ორგანოცაა და ამიტომ მათ შეუძლიათ მისი გამოყენება. მე შემიძლია გამოვთქვა მოსაზრება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ეს ნაბიჯი მათვე ავნებთ.
პროცედურებთან დაკავშირებით მეც მაქვს შეკითხვები _ მიმაჩნია, რომ სერიოზულად არ გამოიყურებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ ერთი რამე ცალსახაა _ არავის ენა არ მოუბრუნდება, თქვას, რომ სასამართლო არის ახალი ხელისუფლების დაქვემდებარებაში. მიმართონ სასამართლოს, მათ აქვთ ადვოკატების აყვანის და სასამართლო განაჩენს დაველოდოთ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელზეც აცხადებდნენ, რომ პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა.


































































