_ ზოგი უფრო მიზანშეწონილად კალმით მყნობას მიიჩნევს, ზოგიც _ კვირტით.
კაკლის მყნობის სირთულე მხოლოდ მყნობის მეთოდის შერჩევა როდია _ დიდი მნიშვნელობა აქვს მყნობის პროცედურის ტექნიკურად უზადოდ შესრულებას მის ყოველ ეტაპზე: სანამყენე კალმისა და საძირის ტოტის სწორად შერჩევა იქნება ეს ან მყნობის ჩატარების ოპტიმალური დროის განსაზღვრა თუ ფარის დაუზიანებლად აცლა მერქნიდან და სანამყენე კომპონენტების კანთა ზუსტად ურთიერთმიბჯენა. ზოგადად, კაკლის მყნობისთვის შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც კალმით, ისე კვირტით მყნობის მეთოდი. საძირის უფრო მეტი დიამეტრის შემთხვევაში, კანქვეშ კალმით მყნობას ეძლევა უპირატესობა და არ გამოიყენება გაპობის მეთოდი. რაც შეეხება მყნობის ისეთ გავრცელებულ ფორმას, როგორიცაა კვირტის კანქვეშ ჩასმა ან მიჭდობით მყნობა, ისინი კაკალზე ძალზე დაბალშედეგიანი აღმოჩნდა. ამიტომ, კაკლისთვის შემუშავებული იქნა ოკულირების სპეციალური მეთოდები. ამ მეთოდების საერთო არსი ძირითადად მდგომარეობს ფარის მეტი სიფართით აღებაში და ფარის აღებაში მხოლოდ კანის მერქნის მინარევის გარეშე.
კაკლის მყნობისთვის კვირტის აღება ფართო ფარით ხდება ორმაგი პარალელური დანის (დანებს შორის მანძილი 3-3,5სმ) მეშვეობით და ძირითადად სამი ვარიანტით ხორციელდება.
1. კვირტი აიღება ფართო ოთხკუთხედი ფარის სახით. ამ დროს ფარის სიგანე კალმის გარშემოწერილობის სიგრძის ერთ მესამედს შეადგენს.
2. კვირტის ნახევარბეჭდისებრი ფარით მყნობა. ამ დროს ორმაგი დანით, კალმის ჰორიზონტალურად, სანამყენეს კვირტს ზემოთ და ქვემოთ კანი ჩაეჭრება მერქნამდე, კალმის გარშემოწერილობის ნახევარზე. შემდეგ ფარს გვერდებზე კანი დანით ჩაეჭრება მერქნამდე, ფრთხილად ამოიღება კალმიდან ფარი და ჩაისმება საძირეს ტოტზე ანალოგიური წესითა და სიდიდით ამოღებული კანის ადგილზე. საძირეს კანის და სანამყენე ფარის კანის გვერდითი ზედაპირები ერთმანეთს თავისუფლად უნდა ეხებოდეს. დასაშვებია მათ შორის მხოლოდ მცირედი ღრიჭოს (1 მმ-მდე) დატოვება. ეს ეხება ფართო ფარით მყნობის ყველა ვარიანტს.
3. კვირტის ბეჭდისებრი ფარით მყნობისას ორმაგი დანით ხდება სანამყენე ტოტებზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში კვირტს ზემოთ და ქვემოთ კანის სრული ირგვლივი გადაჭრა მერქნამდე. შემდეგ კვირტის საწინააღმდეგო მხარეზე, კალმის პერპენდიკულარულად კანი ჩაიჭრება დანით და ჩაჭრილი კანის რგოლის ირგვლივ მსუბუქად შემოჭერილი ხელით, რგოლის ფრთხილი ბრუნვითი ტრიალით კანი მერქანს ეცლება ბეჭდისებურად. თუ რომელიმე ადგილას კანი ძნელად ეცლება მერქანს, იგი დანით ფრთხილად უნდა აეცალოს მერქანს, განსაკუთრებით, კვირტის ძირთან ახლოს რომ არ მოხდეს ჭურჭელბოჭკოვანი კონების დაზიანება და არ გაუჩნდეს კვირტს ღრუ, რაც უვარგისს გახდის მას მყნობისთვის. სანამყენე კალმიდან აღებული კვირტი ბეჭდისებრი ფარით ჩაისმება საძირეზე, ზუსტად ამდაგვარად ამოჭრილი კანის ადგილას და მჭიდროდ შეიხვევა პოლიეთილენის ლენტით ისე, რომ კვირტის ფუძე აუცილებლად მჭიდროდ ებჯინებოდეს მერქანს.
თუ ნამყენი კვირტი მყნობის წელსვე დაიძრა და დაიწყო ამოყრა, რაც ხშირად არ ხდება, მაშინ საძირეს ტოტი დამყნილი კვირტის 4-5 სმ-ის ზემოთ უნდა გადაიჭრას და გადაჭრილ ზედაპირზე წაესვას ბაღის მალამო ამ პლასტელინი.
ყველა ვარიანტში კაკლის მყნობა შემდეგი თანმიმდევრული ეტაპებისგან შედგება:
სანამყენე კალამი (1,0 _ 1,5 სმ სიმსხოსი) უმჯობესია აიჭრას ზამთარში (ან ადრე გაზაფხულზე, ვეგეტაციის დაწყებამდე), შეიხვიოს გაწურულ ტილოში, შემდეგ ცელოფანში და შენახულ იქნეს მაცივარში, ქვედა თაროზე.
მყნობა შეიძლება ჩატარდეს მყნობის ან წინა დღეს აღებული, ვეგეტაციაში მყოფი კალმითაც, რომელიც ფოთოლგაცლილი უნდა ჩაიდოს ქვემოთა ბოლოთი წყალში, მყნობის დაწყებამდე. ხოლო თუ მაცივარში შენახული კალმით ხდება მყნობა, იგი მყნობის წინა ღამით ან მყნობის დღეს, დილით, უნდა ჩაიდოს წყალში, ქვემოთა ბოლოებით.
როგორც დასაწყისში ვთქვით, კაკლის მყნობა აუცილებლად უნდა ჩატარდეს შუა ივნისიდან ივლისის პირველი ნახევრის თბილ დღეებში და მისაღებია, როგორც ადრე გაზაფხულზე, ისე მყნობის წინ აღებული კალმით.