(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “სასაფლაოს ტერიტორია დანაგვიანებულია. არავინ აქცევს ყურადღებას, რამდენიმე დღეა ასე ყრია ნარჩენები. ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ პრობლემები მოგვიგვაროს, თუმცა, არჩევნებიდან არჩევნებამდე არავის ვახსოვართ”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბარში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს მცხოვრებლები.
მათი თქმით, ამ პრობლემის შესახებ, სოფლის ხელმძღვანელობამ უნდა იცოდეს, რადგან სასაფლაო ცენტრალურ გზაზეა და აქ გავლა ყოველდღიურად უხდებათ.
როგორც გავარკვიეთ, დასუფთავების სამსახური ამ ზოლს ემსახურება და იქვე მდგარ სანაგვე ურნებს კვირაში ორჯერ ცლის, თუმცა, როგორც გვეუბნებიან ამ სამსახურის კომპეტენციაში არ შედის სოფლის ტერიტორიის დაგვა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გვითხრეს, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა არაკომერციულ იურიდიულ პირს “კომუნალურ სამსახურს” ევალება.
როგორც აღნიშნულ სამსახურში ამბობენ, დვაბზუს სასაფლაოს მოვლა-პატრონობა მათ კომპეტენციაში არ შედის.
“ჩვენ არ გვეხება სოფლის სასაფლაოების მოვლა-დასუფთავება. ჩვენს მოვალეობაში ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ, შვიდ სასაფლაოზე დაკრძალული უპატრონო მიცვალებულების საფლავების დასუფთავება შედის. რაც შეეხება სოფლებს, მოსახლეობამ თავად უნდა მოუაროს, საკუთარი მიცვალებულის საფლავებს”, _ გვითხრეს კომუნალურ სამსახურში.
სოფელ დვაბზუს მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ გოგოტიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემა მისთვის ცნობილია და შესაბამის ზომებს ოპერატიულად გაატარებს.
“სოფლებში ურნების დაცლა ხუთ დღეში ერთხელ ხდება და ნარჩენების დაგროვებაც ამან გამოიწვია, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ნარჩენების დაგროვება, ურნების დაუსუფთავებლობის გამო არ მომხდარა”, _ გვითხრა გოგოტიშვილმა.