_ ბატონო უჩა, თქვენ, ცოტა ხნის წინ, პანკისის ხეობაში იმყოფებოდით. შეხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს. საქართველოს ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით დუმს. რა ეტაპზეა გამოძიება, არავინ იცის. საზოგადოება დღემდე ელოდება კითხვაზე პასუხს_რა მოხდა ლაფანყურში?
_ არავინ არ იცის. მეც არ ვიცი საერთოდ რა ეტაპზეა გამოძიება. რა მასალებია საქმეში ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. სწორედ ამიტომაც ვითხოვდით და ვითხოვთ კვლავ. ვფიქრობ, ეს ერთი წელიწადი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება. გასაგებია თავიდან იყო სხვა ხელისუფლება. მაგრამ, შემდეგ სხვა ხელისუფლება მოვიდა. ამ ხელისუფლებას ჰქონდა საკმარისი დრო, იმისთვის რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანა. ეს არ ხდება თუ ვერ ხერხდება არ ვიცი რა მიზეზით. მაგრამ, ის რომ საზოგადოებას ინფორმაცია არ მიეწოდება, ის რომ ოჯახის წევრები დაზარალებულად არ არიან ცნობილები, ფაქტია. მე ვსაუბრობ ორივე მხარეზე, როგორც პოლიციელებზე, ასევე ქისტებსა და ჩეჩნებზე. საუბარია იმაზე, რომ არცერთ კითხვას, რომელიც დღემდე არსებობს, პასუხი არ გასცემია. ეს არის ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მესმის, რომ სენსიტიური თემა არის ეს საკითხები. რომელსაც შესაძლოა რამე გართულება მოჰყვეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიმდინარეობს გამოძიება კვლავ ერთი მუხლით_მძევლების ხელში ჩაგდების მუხლით, რითაც თავიდანვე დაიწყო. რატომ არ არის იგივე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით, თუნდაც ძალის გადამეტებული გამოყენების ფაქტზე. როდესაც ამდენი ადამიანი დაიღუპა. რატომ უნდა დაღუპულიყო სპეცოპარაციის დროს ამდენი ადამიანი? თუნდაც ის, რომ ფაქტიურად სიცოცხლის უფლება ადამიანებს მოესპოთ.
როგორც მოწმეები ამბობენ, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელზე საუბრობენ ამ რაღაც დაჯგუფების, თუნდაც ამ ჯგუფის შექმნასთან და შეიარაღებასთან დაკავშირებით. ჩვენ ანგარიშში არასდროს გვითქვამს, საქართველო და მთავრობა აკეთებდა ამას. როგორც ჩანს იყო რამდენიმე ადამიანი, ვინც ამას კურირებდა. ეს ყველაფერი არის გამოსაძიებელი. როგორ აღმოჩნდა კბილებამდე შეიარაღებული ხალხის უცებ, ვინ არიან ეს ადამიანები, მართლა ტერორისტები არიან თუ უბრალოდ უდანაშაულო ადამიანები, რომელიც მოატყუეს და ასე მზაკვრულად მოექცნენ? ადრე თუ გვიან ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებრივი კომისიის შექმნას.
_ ვინმე თუ გამოგეხმაურათ?
_ მე, მქონდა შეხვედრა უხუცესთა საბჭოსთან_ქისტებთან. მათ რამდენიმე წარმომადგენელი დაასახელეს, რომელიც კომისიის მუშაობაში ჩაერთვება. ასევე მიმდინარეობს მუშაობა სხვა ექსპერტებთან. უახლოესი სამი თვის განმავლობაში შევიკრიბებით. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს არსებული ფაქტის, იმ ინფორმაციის გადამოწმება, რომელზეც ჩვენ, ფაქტიურად დაწყებული გვქონდა მასალების შესწავლა და გაგრძელდეს ეს პროცესი. ეს ფაქტიურად ჟურნალისტურ გამოძიებას ჰგავს. ეს არ არის საპარლამეტო-საგამოძიებო კომისია, რომ ვაიძულოთ ვინმე მოგვცეს ჩვენება. თუმცა არის ბევრი საკითხი და სფერო, სადაც საზოგადოებრივ კომისიას უფრო მეტის ნდობის მანდატი და ხარისხი გააჩნია, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ვიდრე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ალბათ მათ არ ეწყინებათ. მაგრამ, არის საკითხები რაზეც უფრო მეტად საუბრობენ მოქალაქეებთან, ვიდრე პოლიციის წარმომადგენლებთან.



































































