სახელმწიფო მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდება, გაიმართება სამუშაო სადილი ამერიკელ კონგრესმენებთან.
ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის შეხვედრა აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ ელჩ ჟოაო ვალე დე ალმეიდასთან, ორმხრივი შეხვედრები ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტ გლენ ჰოვარდთან, მარშალის ფონდის პრეზიდენტ კრაიგ კენედისთან, შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის დირექტორ ფიონა ჰილთან, დემოკრატიის ნაციონალური ფონდის პრეზიდენტ კარლ გერშმანთან. ამასთან, ატლანტიკურ საბჭოში დისკუსია გაიმართება, სადაც სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.
“ვიზიტის დროს განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მიმდინარე მოვლენები. საქართველოში მიმდინარე მოვლენებში პირველ რიგში იგულისხმება საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესი, რომელიც არ წყდება. ამისთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, გარად ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, საუბარი გვექნება საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობაზეც, იმ გამოწვევებზე, რომელიც არის საქართველოს წინაშე და უახლოეს გეგმებზე _ ეს, რა თქმა უნდა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ვილნიუსის სამიტი, მომავალი წელი ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივისტრატეგიული თანამშრომლობაა. იქნება ეს სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული შეხვედრების ორგანიზება და სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხები,” _ განაცხადა პეტრიაშვილმა აშშ-ში გამგზავრების წინ.