ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, რის შემდეგაც საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ცერემონიალის დასრულებისას ისინი მამა დავითმა დალოცა.
წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შსს-ს სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში გაივლიან. მათ ახალი სამხედრო ფორმები გადაეცათ, რომლის დიზაინი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს შეიმუშავა. ახალი დიზაინის ფორმებს მომდევნო ნაკადებიც მიიღებენ.
ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შეისწავლიან სამხედრო საქმეს, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით და უფასო კვებით, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. სამხედროები ასევე ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში დასაქმდებიან.