რუსული შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული ქმედებების შედეგად, ხანძარმა საკურორტო ფუნქციის წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით დაფარული დაახლოებით 950 ჰექტარი ფართობის ტერიტორია გაანადგურა. აქედან, 250 ჰექტარზე ტყე მთლიანად გადაიწვა, ხოლო 700 ჰექტარზე ტყის საფარის დაახლოებით 70 პროცენტი.
გულსაკლავად გამოიყურება სოფელ დაბაში გადამწვარი ტყე. იქ სადაც, სიმწვანე და სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს, შავი და გაძარცვული ხეები დგას. აგვისტოს ომის შემდეგ 5 წელი გავიდა და ზოგიერთ დაზიანებულ ადგილზე ბალახის მწვანე საფარიც კი არსად ჩანს.
განაშენიანების პროცესის დასაწყებად სოფელ დაბაში ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ჩავიდნენ. ტყეს “დრუჟბებით” შესეოდა მოსახლეობა და გამოუსადეგარი ხეებისგან წმენდდა. მოეწყო ნერგების საჩვენებელი დარგვაც.
სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანმა ჟურნალისტებს გვიჩვენა ის ადგილები, სადაც ბუნებრივ პირობებში ბუჩქებმა განახლება შეძლო, მაგრამ მისი თქმით, სხვა მხარეს ამ პროცესს ხელის წაშველება სჭირდება.
სააგენტოს უფროსმა ასევე აღნიშნა, რომ სამცხე-ჯავახეთში ხანძრები ხშირია, მაგრამ ამ შემთხვევაში მისი უწყების პრიორიტეტი ის ტყეებია, რომლებიც თავისი ძალებით ვერ იზრდება. ამიტომ საჭიროა ასეთ ადგილებზე ყურადღების გამახვილება, ეროზიული პროცესები რომ არ განვითარდეს.
“გაშენებული ტერიტორია შემოიღობება და დავიწყებთ ტყეების განადგურების საწინააღმდეგო მუშაობას. სოფელ დაბის ტერიტორიის განაშენიანებაზე ყოველდღიურად იმუშავებს 25 ადგილობრივი მოსახლე. ახლა დაიწყო ფერდობების გაწმენდა, რასაც დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება. მთელი სოფელია გამოსული და მუშაობს. დაირგვება შერეული ჯიშის ნერგები,” _ აღნიშნა გიორგობიანმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარი მეტყევის ლერი ჯოჯუას თქმით, გადამწვარ 16 ჰექტარზე ექსპერიმენტის სახით მოხდება განაშენიანება. ჯერ გაიწმინდება ფერდობები დამწვარი ხეებისგან და შემდეგ დაირგვება ახალი ნერგები. ამის შემდეგ კი პროცესს დააკვირდებიან და შედეგების მიხედვით გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ სხვა ტერიტორიებზე.
რაც შეეხება ნერგებს, ის სართიჭალის სატყეო საბაზისო სანერგედან მოაქვთ. როგორც აღნიშნული უწყების დირექტორი ნუგზარ ღვალაძე ამბობს, ტყეების აღდგენის პროცესში კონტეინერული დარგვის მეთოდს იყენებენ. მისი თქმით, ნერგების გამოყვანის და დარგვის ამ მეთოდს პირველად მიმართავენ საქართველოში. ღვალაძის თქმით, კონტეინერული დარგვის მეთოდი აქტიურად გამოიყენება ევროპაში. მისი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ნერგს პირველადი მორწყვა აღარ სჭირება.
სოფელ დაბაში სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა თავად გამოსცადეს ამ მეთოდის მუშაობა, როდესაც სპეციალურად გაწმენდილ და დამუშავებულ ადგილებზე პირველი ნერგები დარგეს.
როგორც გაეროს წარმომადგენელი მეტყევე ინჟინერი ნიკო დემეტრაძე ამბობს, ტერიტორიის გაწმენდის პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. ნერგების დარგვა ნოემბრამდე, ანუ ზამთრის დაწებამდე უნდა მოესწროს, თორემ შემდეგ ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას აღარ მისცემთ.
ტყეების განახლების პროცესი გაეროს განვითარების პროგრამის და ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
“ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს ძალიან სერიოზული. აგვისტოს ომის დროს ფინეთის მთავრობამ გამოყო ამისთვის თანხები. სამწუხაროდ, ეს პროცესი შეაჩერა “ნაციონალრი მოძრაობის” დროს ჩამოყალიბებულმა მთავრობამ. იმ თანხიდან ძალიან დიდი ნაწილი ფართებზე და სხვა ღონისძიებების მოწყობაზე დაიხარჯა. რაც დარჩა, მოვმართეთ აქეთ. რისი საშუალებაც გვაქვს, ამ შემოდგომაზე გავაკეთებთ, გაზაფხულიდან კი სხვა დონორი ორგანიზაციების იმედიც გვაქვს. იქნებ ხაზინიდანაც გამოიძებნოს საშუალებები,” _ აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
ტყის გაწმენით და აღდგენით სამუშაოებზე დასაქმებული ადგილობრივების ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდე იქნება.
“ადგილობრივი მოსახლეობა გადამწვარი ტყეების აღდგენის საკითხში აქტიურად არის ჩართული. ისინი გარკვეული თანხის საფასურად გაწმენდენ, შემოღობავენ და გაანაშენიანებენ ამ ტერიტორიას. გვპირდებიან, თუ ამ 16 ჰექტარზე კარგად წარიმართა განაშენიანების პროცესი, სხვაგანაც დაიწებენ ტყეების აღდგენას. კარგი ფაქტია. ვფიქრობს, ეს იქნება სტიმული სხვა ორგანიზაციებისთვისაც, რომ მათაც მიიღონ მონაწილეობა ამ დიდ საქმეში. რაც შეეხება განაშენიანებული ტყის მოვლას, მოსახლეობა აცნობიერებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა. გაფრხილდებიან და არ დააზაინებენ მას,” _ ამბობს წაღვერის რწმუნებული ოთარ აბროლიშვილი.