შაშკინმა გამოცემის ინფორმაციას ბოდვა უწოდა და აღნიშნა, რომ ძალიან წუხს, რადგან დღეს საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ასეთ ნაბოდვარს წერენ და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ამის სჯერა.
“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა, ჩვენ კიდევ გვქონდა ყველა ბერკეტი ხელისუფლების შენარჩუნების, მაგრამ არ მოხდა ამ საშუალებების გამოყენება, ასე რომ სასაცილოა რაიმე სამხედრო გადატრიალებაზე ან ვინმეს მოკვლაზე, დაჭრაზე საუბარი, ასეთი რამ არც თქმულა და არც შეიძლება მომხდარიყო. ეს არის ბოდვა და სამწუხაროა, რომ ამ ნაბოდვარის ვიღაცას სჯერა საქართველოში. ეს ადამიანები არ ფიქრობენ ან აზრზე არ არიან რას ამბობენ”, _ განაცხადა შაშკინმა.
შევახსენებთ, რომ “ალიას” ცნობით საპარალამენტო არჩევნების წინ ბაჩო ახალიას მიერ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით დაიგეგმა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც აუცილებლად მივიდოდა ფინალამდე, რომ არა თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელმაც ამ გეგმის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ელჩს საქართველოში, რიჩარდ ნორლანდს მიაწოდა .