_ ეს განცხადება, რომელიც სააგენტო “რეპორტიორი.გე”-ზე გამოქვეყნდა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით თევზაძემ რამდენიმე დღის წინ, IB ევროკავკასიური უნივერსიტეტისა და პარტია “სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზის” ერთობლივ კონფერენციაზე _ “ხუდონჰესი – როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი” განაცხადა:
ამასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსთან” კომენტარები გააკეთეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და მისმა მოადგილემ, დავით დარჩიაშვილმა:
“მე გავეცანი ბატონი დავითის იმ ანალიზს, სადაც აცხადებს, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანთა რიცხოვნობა შემცირდება თუ ხუდონჰესი აშენდება, რადგან დაიცლება სოფლები და ეს გარკვეულ დემოგრაფიულ პრობლემებს შექმნის. ამ ყველაფერს აქვს საფუძველი. ამიტომ, ჩვენ ამ რისკ-ფაქტორებზე უნდა ვიფიქროთ და გავითვალისწინოთ. და ამაზე სახელმწიფო ფიქრობს კიდევაც, რაც შეეხება მის მაგ განცხადებას, მე ეგ არ მინახავს.” _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
_ ბატონო ირაკლი, წაგიკითხავთ ციტირებას, რომელიც სააგენტო რეპორტიორი გე-ზე იქნა გამოქვეყნებული და რომელიც ბატონმა დავით თევზაძემ IB ევროკავკასიური უნივერსიტეტისა და პარტია “სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის” ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა: “ხუდონჰესის მშენებლობა შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი რღვევის მაპროვოცირებელი ფაქტორი აღმოჩნდეს… მრავალი ფაქტორი ერთად იყრის თავს. ეს არის გარკვეული მოტივაციები და შესაძლებლობები, რომლებიც რუსეთს გააჩნია, გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით და უსაფრთხოების გარემოს ცვლილება 2008 წლის ომის შემდეგ...”
_ რა ანალიზსაც მე გავეცანი, ასეთი კატეგორიული განცხადება არ გაუკეთებია ბატონ დავითს, მაგრამ თუ მსგავსი განცხადება გაკეთდა და ეს მედიით გავრცელდა, ზოგადად ასეთი კატეგორიული შეფასების საფუძველს მე ვერ ვხედავ. კატეგორიულად განაცხადო, რომ ხუდონის აშენება და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა იქნება პირდაპირი შედეგი, ასეთ კატეგორიულ შეფასებას ვერ დავეთანხმები._ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ამ თემასთან დაკავშირებით, “გურია ნიუსი” პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, დავით დარჩიაშვილის დაუკავშირდა:
“არა, რა თქმა უნდა ვერ დავეთანხმები დავით თევზაძის მაგ განცხადებას. თუ იგულისხმა, რომ ხუდონჰესი სვანეთს დაცლის, არა, რა თქმა უნდა. სვანეთი დაიცლება იმ შემთხვევაში, თუ არ განვითარდა, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანის მოთხოვნილებაა კომფორტში ცხოვრება. მთაში, გაჭირვებულ პირობებში, თანამედროვე ადამიანს სულ უფრო მეტად უჭირს ცხოვრება. ან მთაში უნდა შეიცვალოს ცხოვრების პირობები, ან ის ხალხი წავა ისედაც. ეს არის ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა და ტურიზმის და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც ამისთვისაა საჭირო. ხუდონჰესი ეროვნული მასშტაბის პროექტია, რომელიც მხოლოდ სვანეთს კი არა, მთელს საქართველოს ჭირდება. ზოგადად, მთის დაცლა-არდაცლა იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რომ ადამიანები შუა საუკუნეების პირობებში ამყოფო და შენ თვითონ ვაკეში ცხოვრობდე. ქვეყანა თანაბრად უნდა განავითარო მთელი მისი ტერიტორიის მასშტაბით.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ მსგავს საფრთხეებზე საუბარი რეალობას მოკლებულია?
_ ხუდონჰესი კითხვებს აღძრავს ეკოლოგიის თვალსაზრისით, რასაც პასუხი კარგმა ეკოლოგებმა და მშენებლებმა უნდა გასცენ და არა ისეთი მოარული მოსაზრებებით, თითქოს ხუდონჰესი სვანეთისთვის ტრაგედიაა. არ არის არანაირი ტრაგედია.