მის ამ განცხადებას “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მელაშვილი თავს არიდებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რაც ოპოზიციას აქვს.
“თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ჩვენ არ მოგვითხოვია. მელაშვილი არ საუბრობს იმაზე, რაზეც ვაკრიტიკებთ. ბოკერიას და ბერძენიშვილის მეთოდებით ჩვენთან ოპონირება არ გაუვა ბატონ მელაშვილს, ჩვენც გვაქვს მიღებული სტაჟირება გასულ პარლამენტში და მინდა ვუთხრა ბატონ მელაშვილს რაზეც არავინ გედავებათ, იმაზე ნუ შემოდიხართ დებატებში. გვიპასუხეთ ვის სჭირდება რეგიონალური ავტონომიებისა და საბჭოების შექმნა? ვის სჭირდება ეთნიკური ნიშნით მუნიციპალიტეტის შექმნა? რატომ არ ირჩევენ სოფლები პირდაპირი წესით მამასახლისებს და რატომ არ იზრდება მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტი? ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვები და ამაზე ვითხოვთ პასუხებს”.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე თავისი აზრი დააფიქსირა მოძრაობა “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა და განაცხადა, რომ ამ კანონით დაკარგულ ტერიტორიებს კიდევ მიემატებათ სხვა ტერიტორიები.
“პუტინმა გამოაცხადა ორი რეგიონი დამოუკიდებლად და თუ ჩვენ ამ გზით ვივლით და დასავლეთისგან მართვადი ვიქნებით, მუდმივად დაიცავს იმ ორ რეგიონს. “რესპუბლიკელების” მიერ შემოტანილი პროექტით კი, საქართველო არა მარტო ამ ორ რეგიონს დაკარგავს, არამედ სხვა რეგიონების დაკარგვის საკითხსაც დააყენებს დღის წესრიგში. დღეს ამ პროექტის ავტორების და დამნერგავების ხელით საქართველოში პუტინის საქმე კეთდება”.
ადგილობრივი თვითმმართველობის კანონპროექტში არსებულ რისკებზე გაამახვილა ყურადღება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა და განაცხადა, რომ თუ აღნიშნული პროექტი უკან არ იქნება გაწვეული, საჭირო გახდება “სერიოზული წინააღმდეგობის ფრონტის მოფიქრება”.
“ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ე.წ. კოდექსის სახით საქართველოს სასიკვდილო განაჩენი გაუმზადა. მოვუწოდებ ამ პიროვნებას, სასწრაფოდ უკან გაითხოვოს ქვეყნის დამშლელი ეს დოკუმენტი. ამავდროულად გააუქმოს უკანონო, ანტიეროვნული გუბერნატორების ინსტიტიუცია, რომლებიც ქვეყნის მომავალი დაშლის იურიდიულ ბაზისსა და საფუძველს წარმოადგენს. მთავარია არ შეიქმნას სამხარეო რწმუნებულებთან და გუბერნატორებთან საკონსულტაციო-სეპარატისტული პარლამენტები. უნდა ითქვას უარი რაიონების დაშლაზე და რაიონი უნდა შენარჩუნდეს როგორც ქვენის ერთიანობის ბურჯი. ჩვენი ეროვნული სისხლის 50% სტრუქტურულად რაიონებისგან შედგება, როგორც კი ამ სისტემას მოვშლით თავისი სტრუქტურით, არქივით, ტრადიციებითა და სოფლებით, საქართველოში დაიწყება წარმოუდგენელი დუღილი, რომელიც მიგვიყვანს ძალიან ცუდ შედეგებამდე, ქვეყანა ძლიერი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდება”.
ამ წუთებში “ქართული დასი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 დეკემბერს, 12 საათზე, საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური პარტიები იურიდიული კომიტეტის სხდომას დაესწრებიან და თვითმმართველობის კოდექსის განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას.































































