სამინისტროს წლიური ანგარიშის მიხედვით, პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი 42%-ით გაიზარდა და 1 სულ მსჯავრდებულზე ჯანდაცვის წლიური დანახარჯი 180 აშშ დოლარიდან საშუალოდ 760 აშშ დოლარამდე იზრდება.
მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სისტემისთვის შემუშავდა და ხორციელდება C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამა, რომელიც წლის განმავლობაში 12 000 ადამიანის გამოკვლევას, 500 პაციენტის მკურნალობას და 5000 ადამიანის B ჰეპატიტზე ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
WHO რეკომენდაციების თანახმად, შეიქმნა პენიტენციური ჯანდაცვის მედიკამენტების სტანდარტი და გაუმჯობესდა მედიკამენტებით მომარაგება. ფარმაცევტული დანახარჯი ერთ პატიმარზე წელიწადში 23 ლარიდან 128 ლარამდე გაიზარდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შეიქმნა და დაინერგა პატიმართა კვების ახალი სტანდარტი, რომელიც ითვალისწინებს 12 მიზნობრივ რაციონს.
ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტრო 24 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რომელიც პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს ბათუმის მესამე დაწესებულების რეკონსტრუქცია, დაბა ლაითურში შენდება 574 მსჯავრდებულზე გათვლილი მაღალი რისკის დაწესებულება. თითქმის დასრულებულია მე-16 დაწესებულების მშენებლობა, სრული რეკონსტრუქციის შედეგად გაიხსნა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა სპეციალური დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც ექსპლუატაციაში შევიდა სკოლის ახალი შენობა. ქსნის მე-15 დაწესებულებაში დასრულდა ახალი საკარანტინო და სამარტოო საკნების სამშენებლო სამუშაოები, ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში დასრულდა საზოგადოებრივი მისაღების სამშენებლო სამუშაოები, ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა;
ყველა დაწესებულებაში გარემონტდა და მოეწყო პირველადი ჯანდაცვის ოთახები. ამასთანავე, ყველა დაწესებულების საცხოვრებელი ფართი ევროპული სტანდარტების დაცვით, მინიმუმ 4 კვადრატული მეტრი იქნება. მე-6 დაწესებულებასა და ლაითურის დაწესებულებაში იგეგმება საკნის ფართობის გაზრდა 7 კვადრატულ მეტრამდე თითოეულ მსჯავრდებულზე.
ანგარიშის პრეზენტაციისას მინისტრმა სოზარ სუბარმა პატიმართა რაოდენობაზე და ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ მსჯავრდებულებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ მდგომარეობა საგრძნობლადაა გაუმჯობესებული.
“დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა 9011-ია. ამნისტიის შედეგად 8721 პირი გათავისუფლდა, ერთი წლის განმავლობაში 2500 ადამიანია გათავისუფლებული პირობით ვადაზე ადრე. 14 ადამიანს პირობითი მსჯავრი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წლის განმავლობაში 1317 განცხადება შევიდა, რომლითაც 222 თანამშრომლის მიმართ დაიწყო გამოძიება, აქედან 79 მათგანი დათხოვნილია სამსახურიდან, 32-ს ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. 169 საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში, რაც სამჯერ აღემატება წინა სამი წლის მაჩვენებელს. 7 ათასამდე კორესპონდენციაა შესული საგამოძიებო დეპარტამენტში, რის გამოც ვფიქრობთ, რომ იანვრიდან ამ დეპარტამენტში შტატები გავზარდოთ,” _ განაცხადა სუბარმა.