ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ასევე ეწვია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიას, სადაც მეხანძრე-მაშველების სწავლების პროცესს, სასწავლო გეგმებსა და სასწავლო-მატერიალურ ბაზას გაეცნო. იმავე დღეს ქართული დელეგაციის წევრები – შს მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან ბუიღლიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელებს და პედაგოგიურ კოლექტივს შეხვდნენ და ქართველი მეხანძრე-მაშველების მომზადების შესაძლებლობები განიხილეს.
ვიზიტის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ფაიგ ტაგი-ზადესთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაზუსტდა სამომავლო, ერთობლივი ღონისძიებების გეგმა. აზერბაიჯანელმა და ქართველმა კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი სახელმწიფოს სტრატეგიული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და სახანძრო-სამაშველო სამსახურები კიდევ უფრო გააღრმავებენ ურთიერთთანამშრომლობას.