საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა "სითი პარკის" თემაზე და განაცხადა, რომ „ეს კომპანია აგრძელებს "აღვირახსნილ ქმედებებს".
"დღეს დედაქალაქის ახლადარჩეული საკრებულოს და მერის პირველი სამუშაო დღეა, სწორედ მათ გასაგონად მინდა კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადო, რომ ეს კომპანია აგრძელებს თბილისელების გაყვლეფას და აღვირახსნილ ქმედებებს. ჩემს მაგალითზე რომ გითხრათ, მათ გამო საკმაოდ დაზარალდა ჩემი რეპუტაცია, საქმე იმაშია, რომ კომპანიის ინფორმაციით მე თითქოს არ გადავიხადე ჯარიმა 10 ლარი, რის გამოც დამიყადაღდა საბანკო ანგარიში და წარმოიდგინეთ, რა უნდა იფიქროს ან ბანკმა ან სხვა ადამიანმა დეპუტატზე, რომელმაც 10 ლარი არ გადაიხადა. თბილისში ვერც ერთმა "ლიბერთი ბანკმა" ვერ დაადგინა მქონდა თუ არა გადახდილი ჯარიმა, მივმართე ვანის რაიონში მდებარე ფილიალებს და წამოვიღე ქვითარი, რომელიც აღმასრულებელს წარვუდგინე. საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი
მე "სითი პარკის" წინააღმდეგ შემაქვს სარჩელი, მოვითხოვ საჯაროდ მომიხადოს ბოდიში და მოვითხოვ ფინანსურ კომპენსაციას. ამ თანხას გამოვიყენებ ვანის რაიონში ეკლესიის მშენებლობისთვის და ორი ვანელის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, რომელთაც სასწრაფო მკურნალობა სჭირდებათ.
გარდა ამისა, კომპანიამ შეიმუშავა თაღლითობის ახალი სქემა – შეიძლება საქარე მინაზე არც კი დაგხვდეთ ჯარიმის ფურცელი და რამდენიმე თვის შემდეგ მოგივიდეთ ცნობა, რომ თქვენ არ გადაგიხდიათ ჯარიმა. გასული დროის მერე ვერც კი გაიხსენებთ იმ დროს იყავით თუ არა იმ ქუჩაზე. მივმართავ მერიას და საკრებულოს, მოახდინოს ამ კომპანიაზე გავლენა და დაარეგულიროს ვითარება".
დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ის იქნება მაგალითის მიმცემი ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც დაზარალდა "სითი პარკის" მიერ. დეპუტატი იმედოვნებს, რომ სასამართლო სამაგალითოდ დასჯის ამ კომპანიას, რათა სამომავლოდ დაეკარგოთ ასეთი მაქინაციების განხორციელების ქმედება.



































































