ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − "იზეთ აშლარბა საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.
ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი იზეთ აშლარბა ამტკიცებდა, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე მუხლის პირველი ნაწილი (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა) არ არის საკმარისად ნათელი და განჭვრეტადი, რაც წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლთან (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე).
ევროპული სასამართლო დაეთანხმა მთავრობის არგუმენტებს, არ გაიზიარა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ნასამართლევი იზეთ აშლარბას პრეტენზია და საქმეზე დარღვევა არ დაადგინა.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ "ქურდული სამყარო“, "კანონიერი ქურდობა“, "ობშიაკი“ და სხვა საზოგადოებაში იმდენად ფესვგადგმული ცნებებია, რომ აღნიშნულის შესახებ საზოგადოების წევრებს ჰქონდათ სათანადო ცოდნა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონის მესამე ნაწილი სრულყოფილად განსაზღვრავს საზოგადოებისათვის ისედაც უკვე ყოველდღიურად სასაუბრო ტერმინებს, როგორიცაა: "ქურდული სამყარო“, „ქურდული სამყაროს წევრობა“, "ქურდული გარჩევა“, "კანონიერი ქურდობა“ და სხვა.
ზემოაღნიშნულისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე მუხლის პირველი ნაწილი, "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონთან ერთობლიობაში, საკმარისად მკაფიოდ განსაზღვრავს ქურდული სამყაროს წევრობის, როგორც დანაშაულის, შინაარსს, არის საკმარისად განჭვრეტადი იმისთვის, რომ ინდივიდებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის დასჯადი ქმედება და რომ, შესაბამისად, კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
_ ამ გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ახდენს ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობის კრიმინალიზაციას, სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, _ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




































































