"აუცილებლად გავიმართლებ თავს, ვამზადებ სარჩელს და შემაქვს სასამართლოში, სტრასბურგამდე მივალ, ვარ უკანონოდ გათავისუფლებული და ჩემს გათავისუფლებას უდევს პოლიტიკური სარჩული. მე ბეგლარ სიორიძემ დუელში გამომიწვია და ვიომებ ბოლომდე, ნახეთ კომიკური ბრძანება, მერი მათავისუფლებს თოჯინების თეატრის, თუ რაღაც კანონის თანახმად. ვაი, სირცხვილო! იქნებ სისულელე დაგიდეს წინ. ხელის მოწერამდე არ უნდა წაიკითხო?", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ქალაქ ოზურგეთის ა.(ა)ი.პ. სტადიონის ყოფილი დირექტორი მურთაზ აბაშიძე.
მისივე თქმით, მისი გათავისუფლების საფუძველი "ანტინაციონალურობა" გახდა.
"ჩემნაირი ადამიანი არავის არ უყვარს, კაცები არ "ევასებათ". ვაჟკაცები, მეომრები არ უნდათ. თან იციან, რომ მე ვიყავი "ანტინაციონალი" და თვითონ "ნაციონალები" არიან და ხელისუფლებაში ნაწილობრივ დაბრუნდნენ, თუმცა მთლიანად აპირებენ მოსვლას. დროების ხალხია. ქვეყანამ იცის, რომ ოზურგეთში მოვიდა კლანი, რომელსაც უნდა ოზურგეთი დაისაკუთროს და თავის ჭკუაზე, არასამართლიანად და არაკანონიერი მეთოდებით მართოს, მე ამას ვერ შევეგუები".
სტადიონის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ დღეს ოზურგეთში, " ქართული ოცნება" აღარ არსებობს.
"ქართული ოცნება" არის მკვდარი, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ "ნაციონალები", მედროვეები. შეხედეთ, გამგეობაში, მერიაში ძირითადად ვინ მუშაობს და ვინ ზის სკამებზე, "სახეშეცვლილი ნაციონალები". ამ "კლანში" ჩემი ადგილი ვერ იქნებოდა, ცხრა წლის მანძილზე ეს ხალხი მხარს უჭერდა მათ, ვინც ხოცავდა, აუპატიურებდა, ქართველ კაცს ქართველობას უკარგავდა. ასეთ ყოფას ვებრძოდი მე ხმალამოღებული.
"ნაციონალებმა" ოჯახი დამიყადაღეს, ყველამ იცის , თქვენს გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი გაუთავებელი სასამართლო პროცესების შესახებ. ეს იმიტომ, რომ სიმართლეს ვახლიდი პირში და უკან არ ვიხევდი. ბეგი სიორიძე ახლა გახდა "ოცნება." იცოდნენ, რომ გარიგებაში ვერ შევიდოდი მათთან. ის ადამიანები, ვინც "ქართულ ოცნებაში" იყვნენ, არც ერთი სამსახურში არ მიუღიათ, ყველა მოიცილეს, მე ვიყავი "ქართული ოცნებაში". დაარსებიდან მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, მეორე შტაბი მქონდა სახლში გახსნილი, იმიტომ ვიბრძოდი, რომ "ნაციონალები" მოგვეშორებინა. მაგრამ რა გამოვიდა? ის ადამიანები, ვინც "ოცნების" შტაბში იყვნენ და შტაბს ხელმძღვანელობდნენ, ყველა ჩამოიშორეს. ასე ისურვა ახალმა კლანმა.
ორი წლის წინ ჩავიბარე სტადიონი. დამხვდა 17 თანამშრომელი, სტადიონის დირექტორს ჰყავდა 4 მოადგილე და 7 თანაშემწე. რომ ვიკითხე, რა ფუნქცია ჰქონდათ, ვერავინ მიპასუხა. ეს ის ადამიანები არიან, როცა "ნაციონალებმა" წააგეს არჩევნები, მთელი ღამეები ტირილში გაათენეს და დღესაც სტადიონზე მუშაობენ. როცა ვუთხარი ყოფილ გამგებელს, კოტე შარაშენიძეს, მომაშორე ეს ადამიანები- თქო, მიპასუხა, თავი შეიკავე, იყვნენო, მალე არჩევნები იქნებაო. როცა მათ დავავალე საქმის კეთება, ეს არ მოეწონათ და დღეს არის ის შედეგი, რომ ქალაქის მერმა გამათავისუფლა და ბრძანების სასაცილო ტექსტი წაკითხულიც არ აქვს.
ხელფასებს იღებდნენ ტყუილად, ხალხის ფული, ბიუჯეტი მიდიოდა მათ ხელფასებში ტყუილად", _ ამბობს აბაშიძე და დასძენს, რომ როცა მან გათავისუფლების მიზეზი იკითხა, ვერ უპასუხეს.
"ბიძინა ივანიშვილს ოჯახს აგინებდნენ და დღეს "ოცნებას" მიეწებნენ. ბეგი სიორიძემ, ერთ დღეს, არჩევნებამდე დამირეკა და მის გვერდში ყოფნა მომთხოვა, რაზედაც დავთანხმდი. კი დაგიდგები გვერდში იმ შემთხვევაში, თუ კი შენ სტადიონის კეთებაში გვერდში დამიდგები-მეთქი. როცა მოვალო, ყველაფერს მოგეხმარებიო. მეც რაც შემეძლო, ის გავუკეთე ბეგის არჩევნებზე, მაგრამ ვნანობ მის დახმარებას!
ბეგი სიორიძის წონა სისხლი მაქვს ნაქცევი საქართველოსთვის, აფხაზეთში ვომობდი. ვარ მაიორი, ვეტერანი ფეხბურთელი, მეომარი, თუ იცის, ოზურგეთში ვისი ძალისხმევითა და ინიციატივითაა დადგმული მემორიალი? ეს არის პირადად ჩემი ინიციატივით და საკუთარი ფულით გაკეთებული.
ჩემი განთავისუფლების შესახებ ჩემი ახლობლებისგან გავიგე, თურმე ერთი კვირა განთავისუფლებული ვიყავი და ეს მე არ ვიცოდი. ბეგი სიორიძისგან უსამართლოდ, ცინიკურად, არაადამიანურად ჩემს გათავისუფლებას ვერ მოვითმენ. ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებ, გავაგებინებ მთელ საქართველოს, სტრასბურგამდე მივალ და მე დავბრუნდები სტადიონზე", _ აცხადებს აბაშიძე.
ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, მურთაზ აბაშიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
"მურთაზ აბაშიძეს სახლში შტაბის გახსნას ერჩივნა სტადიონისთვის მიეხედა, გაპარტახებული და გაუბედურებულია იქაურობა. მაგის საქმიანობას თავიდან ბოლომდე შევისწავლით.
"ქართული ოცნება" და "ნაციონალები" არაფერ შუაში არაა სტადიონთან, მურთაზ აბაშიძეს უნდა მიეხედა სტადიონისთვის, მაგ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და შევისწავლით ძირფესვიანად, თუ რა ხდებოდა სტადიონზე მისი საქმიანობის დროს. 100 პროცენტი ა.იპ. დამფუძნებელი გახლავთ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, აქედან გამომდინარე მე ჩავთვალე, რომ მურთაზ აბაშიძე ვერ ართმევდა თავს, დაკისრებულ მოვალეობას და იმ საქმიანობას, ამიტომ გადავწყვიტე მისი განთავისუფლება. მე მაქვს ყველანაირი პირობა იმისი, რომ ჩემი შეხედულებებისამებრ შევცვალო და დავნიშნო ნებისმიერი ა.ი.პ ხელმძღვანელი, ამაში გაუგებარი არაფერი არ არის. რა ვერ გაიგო ბატონმა მურთაზმა არ ვიცი", _ ამბობს სიორიძე,
მისივე თქმით, პრობლემა არც იმაშია, თუ აბაშიძე სარჩელს სასამართლოში შეიტანს.
ცნობისთვის, მურთაზ აბაშიძე ქალაქ ოზურგეთის სტადიონის დირექტორად ორი წელი მუშაობდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, კოტე შარაშენიძემ დანიშნა. აბაშიძის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას, ქალაქ ოზურგეთს მერმა, ბეგლარ სიორიძემ ხელი უკვე მოაწერა.