მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, სოფლის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე სცემეს.
საქმე იმაშია, რომ "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, პოლიციამ დაახლოებით 1 კვირის წინ, გვიან ღამით, ბ.ს. დააკავა, შემდგომში ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, თუმცა, იგი განყოფილებაში გადაყვანამდე გაიქცა.
იმავე ღამეს, პოლიციამ, იგივე მიზნით (შემდგომში ნარკოლოგიური შემოწმებისთვის), ადგილობრივი თ.გ. დააკავა.
მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან, დაკავებულის ახლობლები მივიდნენ და თ.გ-ს დაკავება გააპროტესტეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა – დაკავებულის ახლობლებმა სოფ. ბანძის პოლიციის უფროსის მოადგილე სცემეს.
ინციდენტით ისარგებლა დაკავებულმა თ.გ-მ და ის პოლიციის შენობიდან გაიქცა.
შემთხვევის შემდეგ, სოფლის პოლიციის უფროსის მოადგილის ცემაში მონაწილე 3 პირი – გ.კ. ი.კ. და მ.კ. დააკავეს. აქედან ორი ქალბატონია.
წყაროს ინფორმაციით, გუშინ დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც გ.კ.-ს 2 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ი.კ. და მ.კ.-ს 8 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. მანამ, კი სანამ აღნიშნულ თანხას გადაიხდიან, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
გაქცეულები ამ დრომდე იძებნებიან. ასევე, პოლიციის უფროსის მოადგილის ცემაში ეჭვმიტანილი კიდევ 2 მოქალაქე.
"გურია ნიუსი" 17 ოქტომბრიდან მოყოლებული ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულს გადაამოწმებდნენ. თუმცა, დღეს გვითხრეს – "მას მერე იმდენი რამე მოხდა… გავარკვევ" და ტელეფონი გაგვითიშეს.
როგორც კი შსს-ს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაარკვევს ინფორმაციას, "გურია ნიუსი" მას უცვლელად შემოგთავაზებთ.