(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალმა განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი სამი თვის სახელფასო დავალიანებას ამ კვირაში არ მიიღებენ, გაიფიცებიან: _ სამი თვეა ხელფასები არ მიგვიღია. ისედაც კაპიკებზე ვმუშაობთ, სახლში პურის ფული ვერ მიგვიტანია. ყოველ დღე გვპირდებიან ხელფასების დარიგებას, მაგრამ ვერ ვეღირსეთ. ამიტომ, ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ დავალიანებას ამ კვირაში არ გაგვისტუმრებენ, მთელი საავადმყოფო ორშაბათიდან გაიფიცება, _ გვითხრეს ექიმებმა.
საავადმყოფოს დირექტორი, თემურ კოროშინაძე ამბობს, რომ ექიმები არ გაიფიცებიან: _ ხელფასები დიდი ხნის მიუღებელი არ გვაქვს, თუმცა, ბუნებრივია, რომ დაგვიანების შემთხვევაში ადამიანს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს. ექიმები არ გაიფიცებიან და ყველაფერი მოგვარდება. ხელფასებსაც ყველანი მალე მიიღებენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კოროშინაძემ.
რა ხდება საავადმყოფოში და რა პრობლემები აქვს ჩოხატაურელ ექიმებს, ამის შესახებ “გურია ნიუსი” ვრცელ მასალას გაზეთის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.