17 აპრილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ "იუსტიციის საზოგადოებრივ ცენტრში" იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მოულოდნელი ვიზიტი, სკანდალითა და ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის, ზაზა წულაძის თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა.
როგორც წყაროებმა გვითხრეს, ცენტრი, სადაც მოსახლეობას იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღება შეუძლია, თეა წულუკიანს მოუწესრიგებელი დახვდა.
წყაროს თქმით, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ნიგოითში ზაზა წულაძე შენობაში არ იმყოფებოდა. იგი იმ მომენტში სტუმრად ჩამოსულ გეოლოგების ჯგუფთან ერთად სოფლის საყანე ფართობებს ათვალიერებდა. მინისტრის გაღიზიანება კი იმ ფაქტს გამოუწვევია, რომ გამგებლის წარმომადგენლის კაბინეტში სააბაზანო ხალათში გამოწყობილი გარეშე პირი დახვდა.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით აღშფოთებულმა წულუკიანმა აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრი ნიგოითიდან ჩააყენა საქმის კურში და რეაგირებაც მოთხოვა. გამგებლის წარმომადგენელი ზაზა წულაძე და გამგებელი ზაზა ურუშაძე კანცელარიაში იმავე ღამეს დაუბარებიათ, სადაც ხმამაღალი დ დაძაბული ლაპარაკი წულაძის სახლში გაშვებით დასრულდა.
თანამდებობიდან წასული ზაზა წულაძე ჩვენთან საუბარში მოკლე პასუხით შემოიფარგლა. მან დაგვიდასტურა, რომ თანამდებობა მართლაც დატოვა საკუთარი განცხადების საფუძველზე, სხვა დეტალებზე საუბარი კი არ ისურვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მისი წარმომადგენლიდან ფლობს:
_ ბევრი არაფერი ვიცი. იქ არ ვყოფილვარ და არც მინისტრის სტუმრობის შესახებ მქონდა ინფორმაცია. ზაზა ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ სამსახურიდან წასვლა უნდოდა, რადგან ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურდა, _ გვითხრა ურუშაძემ
_ ბატონო ზაზა, გვითხრეს რომ თეა წულუკიანს თქვენი წარმომადგენლის კაბინეტში სააბაზანო ხალათში გამოწყობილი უცხო პირი დახვდა…
_ არა. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ვიცი, მინისტრს ინფრასტრუქტურა არ მოეწონა. ფილა იყო აყრილი და ასეთი დეტალები. როგორც ზაზამ მითხრა, მანაც გვიან გაიგო მინისტრის სტუმრობის ამბავი და როცა მივიდა, საყვედურები უთხრეს, სულ ესაა რაც ვიცი. ამის შემდეგ თავად დაწერა განცხადება. მე მისთვის არაფერი მითქვამს. არც განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა მითხოვია. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ურუშაძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ნიგოითის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი 2012 წელს, "ნაციონალური მოძრაობის" დროს გარემონტდა და ჩაბარდა:
_ ჩვენ 2012 წელს გადმოგვეცა. როცა ვნახეთ პრაქტიკულად ავარიული იყო. რამდენიმე თვის წინ გახსნილი შენობის სახურავიდან წყალი ჩამოდიდოდა. ბევრი პრობლემით ჩავიბარეთ და პრაქტიკულად ხელხლა გავაკეთეთ. სხვათაშორის მოვითხოვე კიდეც იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელმა კომპანიამ გაარემონტა ეს შენობა და რა ეწერა ხელშეკრულებების პირობებში, _ დასძინა ურუშაძემ, რომლის განმარტებით საზოგადოებრივი ცენტრის სრული კეთილმოწყობა მაისის პირველ რიცხვებში დასრულდება.
P.S. ნიგოითში გამგებლის წარმომადგენლად ვასილ აბუსერიძე მომხდარიდან მეოთხე დღეს დაინიშნა.