თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ომარ ჯორბენაძეს საქართველოში მოსამართლეებისთვის გამოყოფილი დანამატის ყველაზე დიდი ოდენობა, 10 ათასი ლარი აქვს აღებული.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.
აღნიშნული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მოსამართლე ომარ ჯორბენაძეს 2007-2014 წლებში, დანამატის სახით, ჯამში 15 050 ლარი აქვს აღებული.
კონკრეტულად კი, 2007 წლის იანვარში – 1350 ლარი, 2008 წელი, იანვარი – 950 ლარი, 2009 წელი, იანვარი – 950 ლარი, 2010 წელი, იანვარი – 450 ლარი, 2011 წელი, იანვარი – 450 ლარი, 2012 წელი, იანვარი – 450 ლარი, 2013 წელი, იანვარი – 450 ლარი, 2014 წელი, იანვარი – 10 000 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს დანამატი სულ საერთო სასამართლოების 100-მა მოსამართლემ აიღო. აქედან, 98 მოსამართლეს ერთნაირი ოდენობის დანამატი, 700-700 ლარი აქვთ მიღებული. გამონაკლისია ორი მოსამართლე გოდერძი გიორგიშვილი, რომელსაც დანამატის სახით 5000 ლარი დაერიცხა და ომარ ჯორბენაძე.
საერთო ჯამში, 2014 წლის იანვარში მოსამართლეებზე გაცემული პრემიების ოდენობამ 81 500 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება საერთო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებზე დაცემულ პრემიებსა და დანამატებს, მათზე დანამატის სახით 150 ლარი, პრემიის სახით კი, 1445 ლარი გაიცა.
ამ წელს პრემია არ მიუღია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ომარ ჯორბენაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ თანხის ოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, დანამატი მისი მოთხოვნის საფუძველზე ნამდვილად მიიღო.
ჯორბენაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ მას აღნიშნული თანხა მკურნალობისთვის მისცეს, რადგან მძიმე ქრონიკული დაავადება აქვს.
"ეს ინფორმაცია რადგან მოგაწოდეს, სიმართლე იქნება. მე არ დამითვლია ნამდვილად რამდენი იყო. 2008 წლიდან მძიმე ქრონიკული დაავადება მაწუხებს და ისრაელსა და შვეიცარიაში მკურნალობის კურსები ჩავიტარე. ეს თანხა იმასთან შედარებით კაპიკებია, რაც მკურნალობა დამიჯდა. ამიტომ მკურნალობისთვის გამომიყვეს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ამ ოდენობის დანამატის გამოყოფის შესახებ ჩემი განცხდებისა და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სადაც მივუთითებდი, რომ მესაჭიროება მკურნალობა", _ აცხადებს ჯორბენაძე და დასძენს, რომ სამკურნალო თანხა მას მოსამართლეებმაც შეუგროვეს.
"კოლეგებმაც შემიგროვეს ფული, ვისაც რამდენის საშუალება ჰქონდა. 20, 50, 100 ლარის ოდენობით", _ აღნიშნავს ჯორბენაძე.
მისივე თქმით, ყველა მიღებული დანამატი მას დეკლარაციაშიც აქვს ასახული.
"ყველა შემოსავალი დეკლარაციაში მაქვს. აპრილის ბოლოს მაქვს შესავსები ახალი დეკლარაცია და მასშიც ჩაიწერება ეს თანხა", _ ამბობს ჯორბენაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას და აღნიშნავს, რომ მისთვის მიცემული დანამატები მის მიერ განხილულ საქმეებს არანაირად არ უკავშირდება.
ცნობისთვის, მოსამართლეთა დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მართვის და ადმინისტრირების უმაღლესი ორგანოა.
"გარდა იმისა, რომ მოსამართლე ვარ, ასევე ვარ სამართლის ლექტორიც. საქართველოში არ არსებობს გამომძიებელი, პროკურორი, ვისთვისაც ლექცია არ წამიკითხავს. ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, არცერთი, ჩემს მიერ მიღებული პრემია არ უკავშირდება იმ საქმეებს, რომლებსაც განვიხილავდი და განვიხილავ.
საქმის გადაწყვეტის დროს ჩემთვის არ არსებობს არც პრეზიდენტი, არც პრემიერ–მინისტრი, არც გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი, ჩემთვის არსებობს საქართველო; როდესაც მანტიას ვიცმევ საქართველოს სახელით ვლაპარაკობ და ამის საფუძველზე ვიღებ გადაწყვეტილებას. არცერთი ლარის საფუძველზე არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც ვაპირებ. ეს თანხა მივიღე მკურნალობისთვის დასახმარებლად", _ ამბობს ჯორბენაძე.
ცნობისთვის, მოსამართლე ომარ ჯორბენაძის შემოსავლები დეკლარაციების მიხედვით ასე გამოიყურება:
2007 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის პირველ იანვრამდე, ხელფასის სახით, 30835 ლარი აქვს მიღებული. ასევე იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, ჯორბენაძე მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის, ასევე პროკურორებისთვის ლექციებს კითხულობდა, ანაზღაურების სახით 16 903 ლარი აიღო.
გასავლის სახით ჯორბენაძის დეკლარაციაში, მხოლოდ ავტომობილის (Opel Frontera, 1997 წლის გამოშვება) საფასური 14 ათასი ლარია შეტანილი, რომელიც მან ნაღდი ანგარიშსწორებით გასცა.
აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში, გასავლის გრაფაში, თანხის შეტანა ხდება მაშინ, თუ პირი ერთდროულად 1500 ლარზე მეტს იხდის.
2008 წელს, ჯორბენაძის შემოსავალი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან (კოლეგიის თავმჯდომარე) 43 881 ლარი (ხელზე აიღო 38176 ლარი), ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლის ექსპერტის თანამდებობიდან კი, 10821 ლარი აქვს მიღებული.
2009 წელს, მიღებული შემოსავლები ასე გამოიყურება – თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მან 53 825 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან 5 226 ლარი მიიღო. შემოსავლის სახით აქვს მითითებული ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული თანხაც, რაც 10 ათას ლარს შეადგენს. თუმცა, ამავე წელს, მან ახალი ავტომობილი (Jeep Grand Cherokee, 2001) შეიძინა, რაშიც 14 ათასი ლარი აქვს გადახდილი.
2010 წელს, ჯორბენაძის შემოსავალი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 44 573 ლარი, ხოლო იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან (ექსპერტი) 9 280 ლარი იყო. დეკლარაციის გასავლის გრაფა, სადაც თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის 1500 ლარზე მეტი თანხის ოდენობა უნდა იყოს მითითებული, ცარიელია. ასევე, გასავალი არ არის მითითებული 2011 წლის დეკლარაციაშიც, სადაც აღნიშნულია, რომ ომარ ჯორბენაძის შემოსავალი ამ წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 46 350 ლარი, იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან 6720 ლარი, ხოლო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ლექტორის თანამდებობიდან 1050 ლარი იყო.
რაც შეეხება 2012 წელს, დეკლარაციის მიხედვით, ომარ ჯორბენაძის შემოსავლები ასე გამოიყურება – თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე 47 209 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ექსპერტი 5 890 ლარი.
2013 წელს, ჯორბენაძის შემოსავალი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან მოსამართლე 50 995 ლარი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლიდან კი, 320 ლარი იყო.
2014 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ომარ ჯორბენაძის შემოსავალი თბილისის სააპელაციო სასამართლოდან 58 650 ლარი იყო. ამავე დეკლარაციის თანახმად, მას 35 000-ლარიანი იპოთეკური საბანკო კრედიტიც აქვს აღებული.
ჯორბენაძის დეკლარაციაში აღარ წერია საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომლის ფართობიც 100.00 კვ.მ-ია, ასევე, 2500.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ამავე სოფელში.
ჯორბენაძის დეკლარაციაში, უძრავი ქონების გრაფაში მხოლოდ მისი შვილის, უტა ჯორბენაძის 84.00 კვ.მ ფართობის ბინა აქვს მითითებული, რომელიც თბილისში, ვარკეთილის 3, მეორე მიკრო რაიონში მდებარეობს.




































































