ქალაქ ბაღდადში ადგილობრივმა პოლიციამ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა.
ადგილზე სამართალდამცავებმა წარსულში ნასამრთლევი, ლანჩხუთელი ზ. ჩ. დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ დაკავებულის დამ, განუცხადა.
მისივე თქმით, ლანჩხუთში, სახლში, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, პოლიციამ ჩხრეკის შეეგად ტყვია-წამალი ამოიღო.
„ჩემს ძმას პანკრიასის ანთება ჰქონდა და მოსანახულებლად მასთან მივედი, სადაც პოლიციის თანამშრომლები დამხვდნენ. მითხრეს, რომ ჩხრეკის ორდერი ჰქონდათ და დაიწყეს სახლის გაჩხრეკა. მეც ვესწრებოდი ამ პროცესს, როცა დამიძახეს, კიბესთან მიმიყვანეს და კიბის უჯრედში მოწყობილ სათავსოში შენახული ტყვია-წამალი მანახეს. გაოგნებული ვარ, არ ვიცი რა ვთქვა, ან პანკრიასის ანთებიან კაცს რა უნდოდა ბაღდადში, ან ეს იარაღი და ტყვია-წამალი საიდან გაჩნდა.
სანამ ჩემი ძმა ამ სახლში გადმოვიდოდა საცხოვრებლად, მანამ ვინ ცხოვრობდა იქ და რა ხდებოდა კაცმა არ იცის. სახლი რამდენჯერმე განაძარცვიც იყო და ვინ რა დატოვა იქ, წარმოდგენა არ მაქვს. ის კი ვიცი, რომ ბოლო წლებია ჩემი ძმა პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს და არა მგონია ამ შართან რეალურად რამე აკავშირებდეს“, -გვითხრა დაკავებულის დამ.

































































