თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ახლად შექმნილი თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებმა გერბებისა და დროშების შექმნა დაიწყეს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადდა კონკურსი სიმბოლოების – გერბისა და დროშის შემუშავების მიზნით და შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი. კონკურსის მიზანია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბის და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენა. კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 5 მარტიდან. საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა იყო 2015 წლის 5 მაისი.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის შემუშავების სამუშაოთა ორგანიზების მიზნით შექმნილმა დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, ნამუშევრების სიმცირის გამო (სულ შემოვიდა 4 ვარიანტი) საჭიროდ ჩათვალა გაეგრძელებინა კონკურსი კიდევ ერთი თვით. კონკურსის გაგრძელების თხოვნით სამუშაო ჯგუფი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, უახლოეს სხდომაზე მიმართავს.