"ახლო მომავალში იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის გაყოფა. ცალკე უწყებად დარჩება შინაგან საქმეთა სამინისტრო და შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საკუთარი ამოცანებითა და სტრუქტურით. პოლიციის ორგანოების ძირითად ფუნქციად დანაშაულის თავიდან აცილება და აღკვეთა დარჩება, რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მას დაეკისრება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, ასევე სპეციფიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა" _ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით მთავრობის პრიორიტეტი პოლიციის საქმიანობის არსებული სტანდარტების შემდგომი დახვეწაა.
_ ამ მიმართულებით სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკელ პარტნიორებთან.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში ძალადობის ფაქტების შემცირება და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება. დაიხვეწება პოლიციელთა მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები.
ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიციელთა სოციალური დაცვის გარანტიის გათანაბრებას სამხედრო პირების სოციალური დაცვის გარანტიასთან. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის დაღუპვის შემთხვევაში, კანონპროექტი მისი ოჯახისთვის ერთჯერადად 100 ათასი ლარის, ყოველთვიურად კი – 1000 ლარის კომპენსაციას ითვალისწინებს.
დამეთანხებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



































































