რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს. ელექტროენერგიის მიწოდებაზე პრობლემები იყო ლანჩხუთშიც. ამ ეტაპზე დენი არ მიეწოდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
თოვლმა პრობლემები შექმნა გზებზე. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების რწმუნებულებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, თოვლის საფარი 15-30 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. სოფელ კოხნარის რწმუნებულის, ჟიფო ცინცაძის თქმით, სოფლის მისასვლელი გზა ამ დრომდე გაუწმენდავია. გზა არ გაწმენდილა სოფელ ზემოხეთშიც, თუმცა, როგორც სოფლის რწმუნებულმა, ალექსანდრე მჟავიამ გვითხრა, მანქანები თავისუფლად მოძრაობენ. “გურია ნიუსი” ვერ დაუკავშირდა ზემოსურების და ზოტის რწმუნებულებს _ მათ ტელეფონები გამორთული ჰქონდათ.
როგორც გვითხრეს, მეტრამდე აღწევს თოვლის საფარი ზომლეთში. მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს, თუმცა, ამ დრომდე სოფელში მისასვლელი გზა გაწმენდილი არ არის. სოფლის რწმუნებულის, როსტომ ხუხუნაიშვილის ინფორმაციით, ამ პრობლემის შესახებ დილიდან არის საქმის კურსში: _ დილით ველაპარაკე რაიონის ხელმძღვანელობას. ცოტა ხნის წინაც დავრეკე. მათ იციან, რომ პრობლემები გაქვს და იმედია, გზა მალე გაიწმინდება, _ გვითხრა ხუხუნაიშვილმა და დაადასტურა, რომ ამ წუთებში სოფელში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.
შპს “გზამშენი 18”-ის ხელმძღვანელის, თემურ ჯახვას ინფორმაციით, ჩოხატაური-საჯავახოს გზა მთლიანად გაწმენდილია: _ იწმინდება ნასაკირალის გადასასვლელი. გაწმენდილია ქაქუთის გზაც, თუმცა, აჭარა იმ მხარეს გვიან წმენდს და შესაბამისად, ბათუმში წამსვლელებს ვურჩევ, ნატანების გზით წავიდნენ, რომელიც ახლა სრულად გაწმენდილია, _ გვითხრა ჯახვამ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არ გაწმენდილა ჩოხატაური-ბახმაროს გზა: _ ნაბეღლავში და მიმდებარე სოფლებში დიდი თოვლი არ მოსულა, ამიტომ, ჯერჯერობით ამ მიმართულების გზებზე პრობლემები არ არის. როგორც კი ცენტრალურ გზებს მოვრჩებით, სხვა გზებზეც გადავალთ. 3-4 საათში ყველა ცენტრალური გზა სრულად იქნება გაწმენდილი, _ გვითხრა ჯახვამ.
გურიაშიც ამ წუთებშიც თოვს.
თოვლი ჩოხატაურში _ ნატო გოგელიას და აკაკი სიხარულიძის ფოტორეპორტაჟი