დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსს ხდომაზე აგრარული კომისიის თავმჯდომარის შოთა ართმელაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი განიხილებოდა. დეპუტატებმა მის გადადგომას კენჭი ფარულად უყარეს, მაგრამ ამ პროცესში მონაწილეობა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა არ მიიღეს.
"დავაყენეთ საკითხი, გვსურდა მიგვეღო პასუხი საკრებულოს თავჯდომარისგან, მათი შეფასებები იყო პოლიტიკური თუ სამართლებრივი და იღებდა თუ არა ის პასუხისმგებლობას დაპატიმრებული დეპუტატის საქმიანობის გამო. გარდა ამ დეპუტატისა, იცით რომ დაპატიმრებულია კიდევ ერთი საჯარო მოხელე, ერთ- ერთი სოფლის რწმუნებული. ამას მოჰყვა დაპირისპირება და აგრესია, იმიტომ რომ არ ქონდათ ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი. ამ ფარსში "ნაციონალური მოძრაობა" არ მიიღებს მონაწილეობას", _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრის დროს "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ.
საკრებულოს წევრი, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება და მოგვცა საშუალება საკრებულოს წევრებს, ფარული კენჭისყრის გზით გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია, შედეგმა დაადსტურა, რომ საკრებულოში შედეგებს წინასწარ არ უკვეთავენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" სრული უფლება ჰქონდა არ მიეღო მონაწილეობა კენჭისყრაში და ჩვენ ამ უფლებას პატივს ვცემთ, თუმცა სამწუხაროა, რომ კოლეგები ოპოზიციური პარტიიდან პროვოკაციული ქმედებების გზით, პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, რასაც მოჰყვა ადამიანური ვნებათაღელვა. ჩვენ საკრებულოს წევრებს გვაქვს თმენის ვალდებულება, ამიტომაც ნებისმიერ პროვოკაციას ცივილური გზით უნდა ვუპასუხოთ", _ თქვა ლელა საჯაიამ.