ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინაში რუსეთის ქმედებებისგან შეშფოთებულ ევროპის ლიდერებს, სოლიდარობის ნიშნად მოიერიშე საჰაერო გამანადგურებლებს F-22-ს უგზავნის.
CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება საჰაერო ძალების ლიდერებმა გააკეთეს.
"რუსეთის სამხედრო მოქმედებები უკრაინაში კვლავაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჩვენში და ჩვენს ევროპელ კოლეგებში. F-22-ით ერთობლივი წვრთნის გავლა ჩვენი მხრიდან ჩვენივე ვალდებულების დემონსტრაციაა, რაც ითვალისწინებს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას."_ განაცხადა სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ჯეიმსმა.
როგორც ცნობილია, F-22 2005 წელს ამოქმედდა, მაგრამ პირველი საბრძოლო იერიში გასული წლის ბოლოს სირიაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე მიიტანა.
გავრცელებული ცნობით, F-22-ს ხმელეთზე სამიზნეების დაბომბვა და სხვა თვითმფრინავზე თავდასხმაც შეუძლია.
საჰაერო ძალების წარმომადგენლის თქმით, F-22 არ შეიძლება დაპროექტებულ რომელიმე მოიერიშე თვითმფრინავს დაემთხვეს, ხოლო თითოეული მათგანის ღირებულება 143 მილიონი დოლარია.
საჰაერო ძალების მდივნის განცხადებით, პენტაგონის მიერ F-22-ის ევროპაში გამოგზავნა მხოლოდ ნაწილია, რასაც ის მოკავშირეების დასარწმუნებლად აკეთებს.
"ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა, კარტერმა საკმაოდ კარგი განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ რუსეთს ჩვენი მხრიდან ძლიერი და დაბალანსებული მიდგომა სჭირდება."_ განაცხადა ჯეიმსმა.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წელს სხვადასხვა სამხედრო ერთეულების გამოყენება სამხედრო წვრთნებში უკვე დაიწყო. მათ სამხედრო წვრთნებში F-15, F-16 და A-10 მონაცვლეობით უკვე გამოიყენეს, გარდა ამისა, ნატო-ს წევრი 11 ქვეყნიდან სამხედრო სწავლებაში 4 500 საჰაერო დესანტი, ტანკები, ჯავშანტექნიკა და საზღვაო ქვეითებიც მონაწილეობდა.