შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა თ. ერისთავის ქუჩაზე (ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე) გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდაცია მოახდინეს.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ყოფილი ე.წ. კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე, შერეულ საწყობში ცეცხლი გაჩნდა. 3 წუთში ადგილზე მობილიზებული იყო სააგენტოს პირველი სახანძრო-სამაშველო დანაყოფები. ხანძრის ქრობას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მღებრიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შეიქმნა ხანძრის სხვა შენობებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარის ლიკვიდაცია დროულად მოხდა. სულ ხანძრის ქრობაში მონაწილეობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, 3 სამაშველო ეკიპაჟი და 2 ავტოკიბე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სულ დაიწვა 4000კვ.მ ფართობი.
გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით).