ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, 27 აგვისტოს, სახელმწიფო თეატრის ტერიტორიაზე მდებარე სკვერში უცნობმა პირმა თოფი ისროლა.
"შუადღისას, ოზურგეთის თეატრის ბაღში ჩემი 11 თვის შვილიშვილი სეირნობდა ძიძასთან ერთად. თან ახლდა წმინდა სისხლის ირლანდიური სეტერი, რომელიც ბავშვს არასდროს ტოვებდა და ყოველდღე სასეირნოდაც დაყვებოდა. დღისით, მზისით, დაახლოებით 70 მეტრის მანძილიდან მოხდა თოფიდან გასროლა და მეზობლის ძაღლი უსულოდ დაეცა ჩემი პატარას წინ, ხოლო ჩვენი სეტერი ფეხში მძიმედ დაიჭრა, რომელიც მიუხედავად არაერთი კინოლოგის დახმარებისა, მაინც კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ყველაფერი მოხდა ბავშვიდან ერთი მეტრის დაშორებით. რა ჰქვია ასეთ ადამიანს, თუ არა მკვლელი?! მის ტყვიას შემთხვევით გადაურჩა ჩემი პატარა და ჩვენი ოჯახის ერთგული მეგობარი. სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია. რა ვქნათ, ვის მივმართოთ, როცა ქუჩაში ასე თამამად მკვლელი დადის. ძაღლს ესროლეს თუ კაცს ესროლეს ეს ვინ იცის, ერთი ძაღლი მოკვდა, მეორე დაჭრეს, ადამიანი აკანკალებული მოვიდა სახლში, არავის რეაგირება არ მოუხდენია, დღისით, მზისით რომ თოფს ისვრი ქალაქში, სკვერში, ეს რა არის? მოსულა პოლიცია და აქეთ უკითხავს ვინ ისროლაო, ჩვენ რა ვიცით ვინ ისროლა? ეს ხდება ქალაქში, ფაქტიურად დადის მკვლელი ისე, რომ ჩვენ არ ვიცით, იქვე არიან დამნახველები, თვითმხილველები, წაიყვანონ გამოკითხონ", _ ამბობს დაზარალებული ირინა გოგუაძე.
შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შარაშენიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პოლიცია მოკვლევას აწარმოებს.