მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს – მარიამობას აღნიშნავს.
უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
მარიამობის დღესასწაულს წინ მარიამობის მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ.
ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა.
უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა საუსუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.