"საზოგადოებრივი დამცველის" ორგანიზებით თბილისში, "ფრონტლაინ ქლაბ ჯორჯიაში" 11 სექტემბერს გაიხსნა ტრენინგ პროგრამის "ვიშეგრადის აკადემია კულტურული მენეჯმენტისთვის" დიპლომის სემინარი, რომელიც მუშაობას დაასრულებს 14 სექტემბრამდე.
"ვიშეგრადის აკადემია კულტურული მენეჯმენტისთვის" წარმოადგენს 24 თვიან ტრენინგ პროგრამას, რომელიც ემსახურება ვიშეგრადის ქვეყნებში (პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრ სახელმწიფოებში (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) კულტურის სფეროში ახალგაზრდა პროფესიონალების დაახლოებასა და მათ გადამზადებას.
პროგრამის მიზნებს წარმოადგენს: კულტურის პოლიტიკისა და მენეჯმენტის სფეროში უნარ-ჩვევების და კომპეტენციის განვითარება; სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაძლიერება; ვიშეგრადის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა.
პროექტის პირველი ეტაპი 2014 წლის სექტემბერში გაიმართა ქ. კრაკოვში, ხოლო მეორე ფაზა – ამა წლის მარტში ქ. პრაღაში.
აღნიშნულ პროგრამას ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებენ "ვილა დეჩიუსის ასოციაცია" (კრაკოვი) და მარსელ ჰიქტერის ასოციაცია კულტურული დიპლომატიისთვის (ბრიუსელი). საქართველოში პროექტს პარტნიორობას „საზოგადოებრივი დამცველი“ უწევს.
































































