ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა, დღეს დილიდან გაიხსნა.
დასკვნით სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.
"გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ გზის აღდგენა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს გაიხსნა მოძრაობა თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. ავტომანქანებს შეეძლებათ ხილიანზე გადასვლა, ასევე პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა", – განაცხადა დავით ნარმანიამ.
15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნა იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც.
პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობას დამატებით განტვირთავს.
გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ შეაფერხებენ მოძრაობას. გზას დაემატა მოძრაობის ახალი ზოლი, რომლის გავლითაც მოძრავი ავტომანქანები, პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.

































































