საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ხვალ "რუსთავი 2" აღარ იყოს".
ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა გოგი თოფაძის ის განცხადება შეაფასა, სადაც თოფაძე ამბობს, რომ "დღეს არის "რუსთავი 2" და ხვალ აღარ იქნება".
"ასე თქვა გოგიმ? ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ ხვალ "რუსთავი 2" აღარ იყოს. ასე როგორ შეიძლება?! მას აქვს ხანდახან ასეთი გამონათქვამები. თუ ასე თქვა, ძალიან ცუდია. სარედაქციო პოლიტიკა რუსთავი 2"-ის არც მე მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. დღესაც ვამბობ და ადრეც ვამბობდი, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო ტელევიზია. მაგრამ მათ შეუძლიათ გახსნან მეორე და მესამე ტელევიზია, ეს ნორმალურია. ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მედიას. გაუქმებასთან დაკავშირებით, არცერთ შემთხვევაში ასეთი ტერმინები არ უნდა ვიხმაროთ", _ აღნიშნა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერ მინისტრი დღეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც "მოქალაქის" პროექტის "ახალგაზრდები თვითმმართველობაში" მეორე ეტაპის დაწყება დაანონსდა.