საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ.
"დღეს "ახალი მემარჯვენეები" ისევე ფილიალად მოიხსენიებიან "ნაციონალური მოძრაობის", როგორც – "ლეიბორისტები". გამყრელიძე, ალბათ, განიცდის, რომ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. არადა, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებიან და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის. უეცრად კი, ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც მოულოდნელი იყო", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. ფსევდოოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებობდნენ და აღნიშნა, რომ მაგალითად, გიორგი თარგამაძეს სინდისი ეყო და წავიდა პოლიტიკიდან, ისევე როგორც პოლიტიკიდან წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე.
ივანიშვილი დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც "მოქალაქის" პროექტის "ახალგაზრდები თვითმმართველობისთვის" მეორე ეტაპის დაწყება დაანონსდა.