გამოქვეყნდა საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში შემომსვლელთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მომატებულია.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით ასეთია:
2015 წლის ოქტომბრის თვე 504 450 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 7,3 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 178 387 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,8%);
ბ) ტრანზიტი – 130 116 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 17,3%);
გ) სხვა – 195 947 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,5%).
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 995 489 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,8%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9,2%), თურქეთიდან (-3,7%), აზერბაიჯანიდან (+5%), რუსეთიდან (+15,3%) და უკრაინიდან (+10%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 19%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (31%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (53%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (34%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 762% და საუდის არაბეთი – 77%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.