ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მეექვსე უბნის რთული რელიეფის მქონე გზაზე ბეტონის საფარი დააგეს. როგორც აქ მცხოვრებნი აღნიშნავენ, ციტრუსის კრეფის სეზონის დაწყებამდე ამ გზის დაგება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"20 წელია, ყბადაღებული მეექვსე უბნის გზაზე მხოლოდ ხრეშს ყრიდნენ. ოჯახებში მანქანა ბევრს ჰყავს, მაგრამ რად გვინდა, ფეხით გავლაც ჭირდა. ბეტონის საფარს ვეღირსეთ. ამოვისუნთქეთ. ჩვენი სოფელი ძალიან მთაგორიანია და მოკრეფილი მანდარინის ამ გზით ჩამოტანა წვალება კი არა წამება იყო ჩვენთვის," _ გვეუბნება მეექვსე უბნის მკვიდრი ცირა გუჯაბიძე.
ნატანების გამგებლის ილია თავაძის თქმით, სოფლის შიდა გზების სიგრძე 380 კილომეტრამდეა.
"ყველა უბანში ერთბაშად ვერა, მაგრამ თანდათან დასრულდება ანალოგიური ტიპის საფარით გზების დაგება," _გვითხრა მან.