თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ სასამართლო სხდომაზე გამოაცხადა.
საკუთრების აღდგენის მოთხოვნა ქიბარ ხალვაშს სრულად დაუკმაყოფილდა. ქიბარ ხალვაშს სულ 7 მოთხოვნა ჰქონდა დაყენებული, აქედან 2 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გარიგებების ბათილობა "გეოტრანსთან" და "საქცემენტთან" დაკმაყოფილებულია. ასევე, საკუთრების აღდგენის მოთხოვნაც, რის საფუძველზეც, 60%-ის წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში, ხოლო 40%-ის მისი ორგანიზაცია შპს. "პანორამა" იქნება.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო დავის მოსარჩელეები ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" იყო, მოპასუხეები კი, ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი, შპს "ტელეკომპანია საქართველო", ნინო ნიჟარაძე, შპს "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია", შპს "გეო-ტრანსი", შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2".
ცნობისთვის, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2″-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 5 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, "რუსთავი 2″-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
ბიზნესმენის ადვოკატების განმარტებით, სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმება “რუსთავის 2″-ის წილების გადაფორმება, რათა წილების კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულებულიყო.
ადვოკატ პაატა სალიას თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას “რუსთავის 2″-ის იძულებით ჩამორთმევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა.
მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებშიც ხალვაშმა არაერთხელ მიმართა პროკურატურას, როგორც “რუსთავი 2″-ის, ასევე სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ ჩანს.
2015 წლის 30 სექტემბერის განჩინებით, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო შპს "ტელეკომპანია საქართველოს" პარტნიორების წილებს: ლევან ყარამანიშვილის 60% წილსა და გიორგი ყარამანიშვილის 40% წილს; შპს "ტელეკომპანია საქართველოს" ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებსა და პარტნიორებს: ლევან და გიორგი ყარამანიშვილს დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალათ შემდეგი უფლებამოსილებები: საზოგადოების სახელზე არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა; საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია; საწარმოს სახელწოდების შეცვლა; საწარმოს სამართლებრივი ფორმის შეცვლა; საწარმოს გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) საწარმოს მართვისა და ხელმძღვანელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება; პარტნიორებისა და დირექტორისათვის (დირექტორატისათვის) ან მათი წარმომადგენლებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენა.
სასამართლოს განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილისა და ნინო ნიჟარაძის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა “რუსთავი 2″-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.
დაწყებული იყო დაუყოვნებლივი აღსრულების პროცესიც, თუმცა, „რუსთავი2-ის დაცვის მხარის მიერ, გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, აღსრულების პროცესი სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე შეჩერებულიყო.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის მეწილეები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23%, გიორგი ყარამანიშვილი 18%, ტელეკომპანია „საქართველო“ – 51% და ნინო ნიჟარაძე – 9%.
ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში პირობას დებდა, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა.