როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გვამცნობს, 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის განახლებულ ბანკნოტებს გამოუშვებს.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ცვლილება გამოწვეული იყო რამოდენიმე მიზეზით, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.
განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნდება კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებული იქნება ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.
ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტების დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.
5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები განახლდება მოგვიანებით.