გურიის რეგიონის ფერმერებს ახლახან "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე შეხვდა. გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში თავი მოიყარეს გურულმა ფერმერებმა, მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა.
ნინო ზამბახიძემ ჯერ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, მერე კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა პრობლემას, რომელსაც ფერმერებისგან მოისმენს, უკლებლივ ჩაინიშნავდა, მიიტანდა ხელისუფლებამდე და მოახდენდა კიდეც მათ ლობირებას.
ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დასაქმებულმა ფერმერებმა არაერთ პრობლემაზე ისაუბრეს, მაგრამ ყველაზე აქტუალური იყო იაფი კრედიტის გაცემაზე მარად განუხორციელებელი ოცნება.
_იაფი აგროსესხები, რომელიც რეგიონზე მორგებული უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გაიცეს წინასწარ შემუშავებული მექანიზმით. თითოეული ფერმერის პრობლემის გადაწყვეტა უნდა დაიწყოს სწორედ ფერმერის კარმიდამოდან და არა ზემოდან _ ჩინოვნიკების კაბინეტებიდან!
ქალბატონი ნინო ზამბახიძე ამ შეხვედრებით მოტივირებულია, მოახდინოს ყველა პრობლემის კლასიფიკაცია და მიიტანოს ყველა სახელისუფლებო რგოლამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დამწყებ ფერმერებს, _ გვითხრა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა მარინა სუნგულიამ.
კითხვაზე, რატომ არ ხერხდება დღემდე იაფი კრედიტის გაცემა, დღემდე არაერთი სახელისუფლო რგოლიდან რატომ ისმის, რომ ამ კრედიტებს ფერმერები არამიზნობრივად დახარჯავენ და ნუთუ შეუძლებელია ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც სესხის მიზნობრივად გამოყენების და მერე მისი დროულად გადახდის აუცილებლობას განსაზღვრავს, მარინა სუნგულიამ განმარტა, რომ ამ ეტაპზე სწორედ ამ კონკრეტულ პრობლემის ირგვლივ არის დაინტერესება, რადგან რიგითი ფერმერები ღიად საუბრობენ, რომ ასეთი ხელშეწყობა რომ არ ხდება ხელისუფლებისგან, შესაბამისად, სოფელიც ფეხზე ვერ წამოდგება:
_ იაფი კრედიტის გაცემამ უნდა მიიღოს ისეთი სახე, რაც ფერმერისგან შესაბამისი ბიზნეს-გეგმის წარმოდგენის შემდეგ იქნება გახორციელებული. დამწყებ ფერმერს უნდა გაეწიოს შესაბამისი დახმარება შესაბამისი სამსახურებისგან. ის პრობლემის პირისპირ არ უნდა დავტოვოთ. სესხის გაცემა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, დაგეგმილი სამუშაოს შესრულების შემდეგ. ეს არ არის შეუძლებელი. შეხვედრაზეც გამოჩნდა, რომ ფერმერები, ძირითადად სწორედ ამას ითხოვენ, _ ამბობს მარინა სუნგულია.