თურქეთის ოფიციალური წრეების გაოცება გამოიწვია პეტიციამ თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს შეურთდნენ თურქეთის, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნის, აღიარებას. კამპანია ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა ანალიტიკოსმა ჯეიმს ჯატრასმა წამოიწყო.
პეტიცია თეთრის სახლის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული და მისი გამავრცელებელი 100 ათასამდე ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. თუმცა, ამ დროისათვის მხოლოდ ათას 600-მდე ხელმოწერა ფიქსირდება.
პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიაზე რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ რეჯეპ ტაეპ ერდოგანი უარყოფს ჯიჰადის მომხრე ტერორისტებისათვის მხარდაჭერის ფაქტს.
"თურქეთი ისლამური ხალიფატისაგან ყიდულობს ნავთობს და ისინი დაუბრკოლებლად ლახავენ მის საზღვრებს. მანამდე კი თურქეთი მხარს უჭერდა ტერორისტებს ბოსნიაში, ჩეჩნეთში, პალესტინაში, საქართველოში (პანკისი), ეგვიპტესა და ჩინეთში. გარდა ამისა, სისტემატურად არღვევს მეზობლების საჰაერო საზღვრებს და განუხორციელებია არაერთი აგრესიული ქმედება (მაგალითად სომხებისა და ასირიელების მიმართ). "- აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.
საბოლოო მოთხოვნად კი აქ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, თურქეთის, ამერიკის და ნატოს ურთიერთობის შეწყვეტაა წამოყენებული.

გამოყენებულია www.rotahaber.com -ის ინფორმაცია






































































