საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის შემთხვევაში, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის გადადგომა ავტომატურ რეჟიმში არ განხორციელდება.
როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს,
"გუბერნატორებს ეს ეს პროცესი არაფრით არ ეხებათ ავტომატურ რეჟიმში, თუმცა ახალ მთავრობას შეუძლია შეცვალოს გუბერნატორი ან გადააადგილოს. პრემიერის და მთავრობის გადადგომა არ არის უშუალო კავშირში გუბერნატორების თანამდებობის შენარჩუნებასთან. პრემიერის გადადგომა მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის გადადგომას ნიშნავს. ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ეს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას გუბერნატორებთან დაკავშირებით", _ აცხადებს ძაბირაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ცხრა მხარეში ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი რწმუნებული-გუბერნატორია. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი.
გუბერნატორი საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ კომპონენტებს. ის ასევე ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში.
ამავე თემაზე:


































































