საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოთხი კანდიდატურა მოიაზრება.
როგორც ნადირაშვიოლი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო რამდენჯერმე გადაიდო ღარიბაშვილის განცხადების გაკეთების დრო.
ნადირაშვილი განმარტავს, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, თუ ვინ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად.
"რუსი ოლიგარქის ხუშტურებზე აგებული გადაწყვეტილების მიღება ხდება. ჩემი აზრით, ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა შერჩეული არ არის და ამის გამო ჭიანურდება პროცესი. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებშიც არჩევანშია. მე ვიცი, რომ მას ჰყავს ოთხი შესაძლო კანდიდატურა. ესენი არიან, გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, რკინიგზის უფროსი (მამუკა ბახტაძე) და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მოხსნა პრემიერ-მინისტრი ისე, რომ არ გყავდეს ახალი შერჩეული, გასაგებია რა დამოკიდებულება გაქვს შენი მოქალაქეების მიმართ, ქვეყნის მიმართ და როგორ არასერიოზულად უყურებ ამ ყველაფერს", _ აცხადებს ნადირაშვილი.
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად ჯანაცვის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
"არ ვიცით, ირმა ნადირაშვილმა რა თქვა, მაგრამ მსგავსი სახის ინფორმაცია, რომ დავით სერგეენკო შესაძლოა პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს, არ გვაქვს", _ უთხრეს "გურია ნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.


































































