დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჭანჭათში არსებული მეწყერსაშიში ზონის ადგილი მოინახულეს და ვითარებას პირადად გაეცნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე, სოსო ერქომაიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლები.
გუშინ სოფელ ჭანჭათში ოთხ ჰა მიწის ფართობზე მეწყერი ჩამოწვა. ზოგ ადგილას გაჩენილია ნაპრალი, მოშლილია სავალი გზა, ექვსი ოჯახი კი მეწყერსაშიშ ზონაში აღმოჩნდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, გეოლოგები ადგილზე აწარმოებენ კვლევებს, იღებენ კოორდინატებს და საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. მანამდე კი აღნიშნულ ოჯახებს გამგეობის სოციალური სამსახური ქირავნობის პროგრამაში ჩასვამს (სურვილის შესაბამისად).
"მონაცემები გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტს მიეწოდება და საბოლოო დასკვნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოიგზავნება. ამ ეტაპზე სამ ოჯახს ესაჭიროება განსახლება. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად. უახლოეს დღეებში გამოიყოფა სამი სახლი მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას შესთავაზეს ოჯახების დატოვება და ქირავნობის პროგრამაში ჩართვა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც შეადგინეს გაფრთხილების ოქმი, რათა მოსახლეობას საშიში ზონა დროულად დაეტოვებინათ. საშიშ ზონაში იმყოფებიან: ოთარ და შოთა ვადაჭკორიების, გაბრიელ წულაძისა და ლევან აბაშიძის ოჯახები", -განაცხადა მაკა სულაბერიძემ.

































































